დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის ანჟეი ტიშკევიჩის აფხაზეთის ტერიტორიაზე არ დაშვების შესახებ, პოლონეთში არაერთგვარი რეაქცია გამოიწვია.
„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა, რომ მათი დამოკიდებულება შეეხება კონკრეტულ პიროვნებას და არა მთლიან პოლონელ ხალხს.
„კონფლიქტის რთულ პერიოდში აფხაზეთს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა პოლონურ სახელმწიფოსთან და პოლონელ ხალხთან. აფხაზეთში რამდენიმე წელიწადი გაატარა საგარეო მისიის პოლიტიკურმა მრჩეველმა მარიან სტაშევსკიმ, კარგი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა აგრეთვე გაეროს გალის სექტორის სამხედრო მეთაურთან ფრანტიშეკ კოხანოვსკისთან. მათგან ხშირად ვიღებდით თანადგომას. ამიტომაც, ანჯეი ტიშკევიჩის ქცევა მიუღებელი აღმოჩნდა ჩვენთვის“,-აცხადებს დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ოლეგ არშბა.