ბარაკ ობამამ ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა

ბარაკ ობამამ ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტელეარხ ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ერთსქესიანთა ქორწინების მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ერთსქესიან წყვილებს ქორწინების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. 

"მივედი დასკვნამდე, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნათლად გამოვხატო ჩემი პოზიცია: ვფიქრობ, ერთსქესიან წყვილებს ქორწინების შესაძლებლობა უნდა ქონდეთ", - განაცხადა ობამამ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია გეი-საზოგადოების უფლებების გაფართოების პოლიტიკას მხარს უჭერს. 

"ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენელთა უფრო მეტ თანასწორობას მხარს ყოველთვის ვუჭერდი, მაგრამ ჩემი მერყეობა იმით იყო გამოწვეული, რომ სამოქალაქო ქორწინება სრულიად საკმარისად მიმაჩნდა", - აღნიშნა ობამამ.

ტელეარხ ABC-სთან პრეზიდენტის ინტერვიუ სპეციალურად მომზადდა, რადგან საზოგადოება ობამასგან ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გამოხატვას ითხოვდა. 

ობამა აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელმაც გეი-ქორწინების იდეას მხარი ღიად დაუჭირა. მით რომნი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ობამას მთავარ მეტოქედ მიიჩნევა, ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდის. 

კომპანია Gallup-ის ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების 50% გეი-ქორწინების ლეგალიზების მომხრეა (ეს შარშანდელთან შედარებით ცოტა ნაკლებია), ხოლო რესპოდენტების 48% იდეის წინააღმდეგ გამოდის. 

აშშ-ის 50 შტატიდან 31-ში ერთსქესიანთა ქორწინება კანონით აკრძალულია.