დავით დარჩიაშვილი: ნატოში გაწევრიანების მრავალი ფორმა  არსებობს და კანონით დადგენილი ერთადერთი ფორმა MAP-ი არაა

დავით დარჩიაშვილი: ნატოში გაწევრიანების მრავალი ფორმა არსებობს და კანონით დადგენილი ერთადერთი ფორმა MAP-ი არაა


პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე, დავით დარჩიაშვილი ვაშინგტონის ამერიკულ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, ნატოში საქართველოს სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანების საკითხის განხილვის შეფასებისას აცხადებს, რომ ნატოში გაწევრიანების მრავალი ფორმა  შეიძლება არსებობდეს და კანონით დადგენილი ერთადერთი ფორმა არაა. დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის საკმაოდ ქმედითი მექანიზმები  აქვს და ამის შესახებ პროგრესი არაერთხელ თქმულა. 

„ეს პოლიტიკურ ნებაზე  და ქვეყნის მზაობაზეა დამოკიდებული. ბოლო წლებია გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ინსტიტუტი არსებობს. მანამდე, ქვეყნები ამის გარეშე წევრიანებოდნენ. სრულიად არაა გამორიცხული მომავალშიც ასე იყოს, თუმცა  ამ წუთას ამაზე რაიმე დანამდვილებით გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ნაადრევია“,-განაცხადა დარჩიაშვილმა.

შეკითხვის პასუხად, რომ შესაძლებელია აშშ მხარს უჭერდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, თუმცა ევროპული ქვეყნებისგან მხარდაჭერა რამდენად მოსალოდნელია დარჩიაშილი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს, მათ შორის გერმანიას.

„ამის სურვილი  აბსოლუტურად ყველა წევრ ქვეყანას აქვს.  უბრალოდ, აზრთა სხვადასხვაობები გაწევრიანების ვადებზე და მოდალობებეზე ანუ ფორმაზეა. საჭიროა სტრატეგიული მოქმედება, ეს თანამშრომლობა აუცილებლად გარღმავდება და  შედეგამდე მივა“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, ვაშინგტონის ამერიკულ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე,  ნატოში საქართველოს სამოქმედო გეგმის გარეშე (MAP) გაწევრიანების საკითხზე ისაუბრეს. შეხვედრას  საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი, ეკა ტყეშელაშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი, თემურ იაკობაშვილი ესწრებოდნენ. რუსთავი-2 ის ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ნატო-საქართველოს საბჭოს მიერ მიღებული დავალებით შესაძლებელია ალიანსში სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანება.