ნუგზარ წიკლაური: არჩევნებზე არჩევანი  პატრიოტულად განწყობილ პოლიტიკურ ძალებსა  და უკანასკნელ რუსულ პროექტს შორის  გაკეთდება

ნუგზარ წიკლაური: არჩევნებზე არჩევანი პატრიოტულად განწყობილ პოლიტიკურ ძალებსა და უკანასკნელ რუსულ პროექტს შორის გაკეთდება


უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების ახალ ფორმულირებას, რომლის თანახმადაც  „ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა ეძლევათ,  კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება და მხოლოდ მომდევნო სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს“  უმრავლესობა ორი ფაქტორის გამო მხარს აუცილებლად დაუჭერს.

„ერთი, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც შესაძლოა საქართველოში დაბრუნდნენ და საქართველოს მოქალაქეობა ჯერ არ ჰქონდეთ  მიღებული არადა, მათგან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და პოტენციალის მფლობელია, ამიტომ მათი  ქართულ სოციალურ და პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა ქართული სახელმწიფოსთვის არსებითი  მნიშვნელობისაა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის არაორდინალური ვითარება, რომელიც   ბატონ ივანიშვილთან დაკავშირებით შეიქმნა. ვიცით, რომ ამ ადამიანმა ორჯერ უარყო საქართველოს მოქალაქეობა და ახლა ისეთ სამართლებრივ გზას მიმართა, რომელიც მისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ვერ უზრუნველყოფს.  არადა არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ქართულ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა მიიღოს. იმისთვის რომ გამოვრიცხოთ ყოველანაირი პოლიტიკური სპეკულაციები, თითქოს ვიღაც ხელოვნურად არ აძლევს შესაძლებლობას  ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს ჩაერთონ ქართულ პოლიტიკაში ეს საკანონდებლო ინიციატივა ნამდვილად მისაღებია“,-განაცხადა წიკლაურმა.

წიკლაურის განცხადებით, ამ საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, პოლიტიკურ პროცესებში და არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნება და თავის მხრივ, ქართველ ხალხს,  ამომრჩეველს საშუალება  ეძლევა გამოხატოს თავიანთი დამოკიდებულება, როგორც ივანიშვილის ასევე მისი  პოლიტიკური კურსის მიმართ.

წიკლაურს ღრმად სწამს, რომ 2012 წლის არჩევნებზე  არჩევანი გაკეთდება პატრიოტულად განწყობილ პოლიტიკურ ძალებსა  და მისი თქმით, უკანასკნელ რუსულ პროექტს შორის. „პირადად მე  ღრმად მწამს,  რომ ქართველი ხალხი, რომელმაც არერთგზით დაადასტურა თავისი ერთგულება საქართველოს თავისუფლების იდეის მიმართ, ბიძინა ივანიშვილს, როგორც უკანასკნელ რუსულ პროექტს  განაჩენს გამოუტანს“,-განაცხადა წიკლაურმა.

რაც შეეხება, ოპოზიციის განცხადებას და დაპირისპირებას, რომ ამ საკონსტიტუციო ინიციატივით მაღალ პოლიტიკურ  თანამდებობების დაკავებას მოკლებულნი არიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ამავე დროს სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, წიკლაური აცხადებს, რომ ამ შემთხევაში მთავარია, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ივანიშვილმა მონაწილეობა მიიღოს.

„ის თვითონ აცხადებს, რომ  საპარლამენტო არჩევნებში 2/3 უნდა მოიპოვოს და ამ ინიციატივის შემთხვევში,  მისი იქნება ბურთიც და მოედანიც.  როგორც საჭიროდ ჩათლის ისე იმოქმდებს“,-განაცხადა წიკლაურმა და დასძინა, რომ ოპონენტისთვის ეს თემა  ხელისუფლების გაკრიტიკების შესაძლებლობა  იყო.

„როდესაც გაჩნდა შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მონაწილეობის ისინი უკვე ამ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერისთვის უარს აცხადებენ.  ეს მათი არჩევანია. ჩვენი არჩევანია საქართველოს  მოქალაქეების სურვილი და საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური განწყობილებები სრულად იყოს ასახული პოლიტიკურ ორგანში, რომელსაც პარალმენტი ჰქვია“,-განაცხადა წიკლაურმა.

წიკლაური საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის მისაღებად ევროკავშირის მოქალაქეებისთვის სამწლიანი ვადის მინიჭებას გონივრულ ვადას უწოდებს.

„ამ ეტაპზე ვაძლევთ მათ საშუალებას ასეთი შესაძლებლობა გამოუყენოს“.-განაცხადა წიკლაურმა.