ლაზიკის სპეციალურ სტატუსთან დაკავშირებულ ცვლილებას „ფრაქცია ერთობა სამართლიანობისთვის“ დეპუტატი გია ცაგარეიშვილი სააკაშვილის პიარსვლას უწოდებს, რადგან მომავალი ქალაქის გარშემო გაუკაცრიელებული დასახლებული ქალაქები და სოფლებია, რომლის მოსახლოებაც გადახვეწილია.
„ლაზიკასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილება შედის. ეს საკანონმდებლო პროექტი ჯერ არ გვინახავს, ამას პარლამენტში ძალიან მალე წარმოადგენენ. ზოგადად, განსაკუთრებული ქალაქის სტატუსი ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს, ჩვენთან არის თვითმმართველი ერთეულები, არის ცალკე კანონი ასევე თბილისის დედაქალაქის შესახებ, მიღებული დაახლოებით 15-16 წლის წინ და ამ კანონით დედაქალაქის სტატუსი განსაზღვრულია. ახლა შემოდის დედაქალაქზე მაღლა მდგომი ქალაქის სტატუსის მცნება, რაც სავარაუდოდ უნდა მოერგოს მომავალში ლაზიკას-სააკაშვილის ახალ იდეას. არ ვიცი აქედან რა რისკები ან რა უხილავი ნაღმები შეიძლება გაჩნდეს, თუ განსაკუთრებული სტატუსი შეიძლება მიანიჭონ ამ ქალაქის სტილის მომავალ დასახლებას, ჩვენ ჩვეულებრივად შეგვიძლია თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსის მინიჭება, როგორიც ფოთს ან ბათუმს გააჩნია.
ეს არის გაუთვლელი და სპონტანური გადაწყვეტილება, ამით სააკაშვილი თავის განსაკუთრებულობას და ლაზიკას, როგორც განსაკუთრებულ მოვლენას უსვამს ხაზს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პიარსვლა. რით უნდა დაუბნელოს თვალები სააკაშვილმა სამეგრელოს და დანარჩენ საქართველოს მოსახლეობას? ლაზიკას გარშემო დასახლებულ პუნქტებსა და სოფლებში უბედურება ტრიალებს, არის გაუკაცრიელებული რეგიონები, უამრავი მოქლაქე გადახვეწილია და ყველა ქალაქსა და სოფელშია პრობლემები. ნაცვლად იმის, რომ ამ დასახლებულ პუნქტებს მიხედონ, რაღაც ცათამბჯენების აგება უნდათ ჭაობზე“,-აცხადებს ცაგარეიშვილი Presage.tv-სთან საუბარში.