ზურაბ აბაშიძე: ამ ხელისუფლებისა და მალაშხიობის დრო მალე დასრულდება

ზურაბ აბაშიძე: ამ ხელისუფლებისა და მალაშხიობის დრო მალე დასრულდება


„ჩვენ ჩვენი საქმით და მოქმედებებით დავანახებთ საზოგადოებას და ხალხს რა როგორ ხდება, და ვინ ვისი წარმომადგენელია“ ,- ასე უპასუხა „თავისუფალი დემოკრატებისა და „ქართული ოცნების“  წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრის -შოთა მალაშხიას განცხადებას, სადაც იგი „ქართულ ოცნებას“ კრემლის დავალებების შესრულებასა და საქართველოს საბჭოთა კავშირში დაბრუნების მცდელობაში ადანაშაულებს.

აბაშიძის განცხადებით, ეს იმდენად არასერიოზული თემაა, მასზე კომენტარის გაკეთებაც კი არ ღირს და უმრავლესობის წარმომადგენლებს პარლამენტში უფრო სერიოზულ თემებზე საუბრისკენ მოუწოდებს.

„ამ ხელისუფლებისა და მალაშხიობის დრო მალე დასრულდება, ჩვენ დავდივართ რეგიონებში და ვხედავთ რამდენად დიდი ნდობა და სიყვარულია მათგან. ყელში აქვს ამოსული ყველას ხელისუფლების დამოკიდებულება. მალაშხიებმა და სხვებმა სჯობს ამაზე და მათ მომავალზე იფიქრონ“ - განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ქვეყანას ძალიან ბევრი გადასაჭრელი პრობლემა დაუტოვა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აუცილებლად მოაგვარებს.

„ჩვენი მთავარი მიზანი ქვეყნის გამთლიანებაა. ხელისუფლებამ კი სჯობს სააკაშვილის იმ გამონათქვამზე გააკეთოს კომენატრი, სადაც ის აფხაზეთზე საუბრობს და აცხადებს, რომ სოხუმი არასოდეს არ ყოფილა საქართველოს ნაწილი; იმ საკითხებზე და იმ პრობლემებზე ისაუბრონ, რომლებიც ამ წლის განმავლობაში დაუგროვეს ქვეყანას და რომლის გადაჭრასაც დიდი დრო დასჭირდება. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ“

ცნობისთის, შოთა მალაშხიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ  კოალიცია „ქართული ოცნება“ კრემლის დავალებებს ასრულებს და ცდილობს ქვეყანა საბჭოთა კავშირში დააბრუნოს.