კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი მისი ცუდად ყოფნის გამო შეჩერდა და გადაიდო.
პროცესის დაწყებამდე სერგო ჩაჩიბაიამ აღნიშნა, რომ ის თავს შეუძლოდ გრძნობდა და პროცესი შეჩერებულიყო, თუმცა მისი თხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში კი შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო--სამედიცნო დახმარების სამსახური გამოიძახეს.
ექიმების თქმით,სერგო ჩაჩიბაიას მაღალი წნევა ქონდა და ძლიერი დამამშვიდებელი პრეპარატი გაუკეთეს. პროცესს "ქართული ოცნების" ერთ--ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანია და ზურაბ აბაშიძე, ასევე საქართველოში NDI- ის წარმომადგენელი, ლუის ნავარო ესწრებოდნენ.
ადვოკატების განცხადებით, დღეს სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მხრიდან მოწმეები იყვნენ წარმოდგენილები, მაგრამ სასამართლო პროცესის გადადების გამო, მათი დაკითხვა ვერ მოხერხდა.
„სასამართლო იმის გამო გადაიდო, რომ სერგო ჩაჩიბაია შეუძლოდ იყო. უნდა ითქვას, რომ ის არის საკმაოდ მძიმე პირობებში. მან აღნიშნა, კიდეც, რომ არ უწევენ საჭირო სამედიცინო დახმარებას. ასე რომ, ჩვენ შემდეგში დავაყენებთ საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ისეთ ადგილას მოთავსდეს, სადაც მიიღებს საჭირო დახმარებას“ ,- აცხადებენ სერგო ჩაჩიბაიას ადვოკატები.
სერგო ჩაჩიბაია 25 მარტს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს. პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების " ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი, ბრალს არ აღიარებს.