პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა.
როგორც პარტიის თავმჯდომარე მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტროსგან ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას რეგისტრაციის მოწმობა დღეს გადაეცა, რის საფუძველზეც "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", კანონის ყველა მოთხოვნათა დაცვით, ლეგიტიმური პოლიტიკური სუბიექტია.
"დღეიდან ჩვენ შეგვიძლია, ყველა ის უფლება განვახორციელოთ, რაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით არის დადგენილი. ჩვენ ვაპირებთ, დღეიდან ოქტომბრამდე გამარჯვებით მივიდეთ", - აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, პარტიამ იუსტიციის სამინისტროში განაცხადი 27 აპრილს შეიტანა, უწყებას უფლება ჰქონდა, მათი მოთხოვნა ერთი თვის ვადაში განეხილა, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას 10 დღეში დადებითად უპასუხა.
"იუსტიციის სამინისტროს მხრიდან განაცხადის განხილვის დროს დამატებითი პრობლემები და დაბრკოლებები არ შეგვქმნია", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სადამფუძნებლო ყრილობა 21 აპრილს გაიმართა.