1000 ლარიანი ვაუჩერებით დაფინანსებულმა სტუდენტებმა დღეს სწავლა დაიწყეს

1000 ლარიანი ვაუჩერებით დაფინანსებულმა სტუდენტებმა დღეს სწავლა დაიწყეს

From.ge
 
7 მაისს, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა პროფესიულ კოლეჯში 2500–მა სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა სწავლა დაიწყო. თითოეულ მათგანს 1000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა და ამით შესაძლებლობა მიეცა რეაბირიტირებულ, თანამედროვედ აღჭურვილ კოლეჯში შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიას დაეუფლოს.  პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და ყველა მსურველს, ასაკის მიუხედავად, შესაძლებლობა ექნება ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და დასაქმდეს.

წელს პირველად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების პროექტი ამოქმედდა. სახელმწიფო, ყველა მსურველს, ვინც  პროფესიულ კოლეჯში სწავლას გადაწყვეტს ათასლარიანი ვაუჩერით აფინანსებს.  წლის განმავლობაში ვაუჩერული დაფინანსებით 7 000 ადამიანი ისწავლის. ვაუჩერით სრულად ფინანსდებიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორმეტეკლასელები, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს დაეუფლონ პროფესიულ განათლებას.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროფესიულ კოლეჯ ,,სპექტრს’’ ეწვია. მინისტრი შემდუღებლებისა და ელექტრიკოსების სახელოსნოში ახალი პროექტის ფარგლებში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს შეხვდა. 7 მაისს ამ კოლეჯში 1000 ლარიანი ვაუჩერით დაფინანსებული 250 სოციალურად დაუცველი სტუდენტი შეუდგა სწავლას.

,,სპექტრში“ მსურველები ისეთ მოთხოვნად პროფესიებს ეუფლებიან როგორიცაა მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების სპეციალისტი, ვენტილაციისა და კონდინცირების სისტემის მემონტაჟე, მღებავი, სასურსათო პროდუქტის ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი, ძრავის შემკეთებელი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, შემდუღებელი, ელექტრიკოსი, მეფილე-მომპირკეთებელი, ინტერნეტტექნოლოგი, ვებ-სპეციალისტი და სხვ.