„კუბლაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ სიახლე კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ისინი ერთპარტიულ პარლამენტში სურვილისამებრ ჭრიან და კერავენ კანონს და ამდენი წლის შემდეგ ვერ გაიგეს, რომ ქვეყნის კანონდებლობა არაა ის დოკუმენტი, რომელსაც საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით ამოჭრი“, -ამის შესახებ, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილის წინადადების შეფასებისას განაცხადა, სადაც „ქდმ“-ს საკონსტიტუციო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებითაც „ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა ეძლევათ, დროებითი ნორმა იქნება, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება და მხოლოდ მომდევნო სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს“.
წულუკიანის განცხადებით, ეს ინიციატივა „ნაციონალური მოძრაობამ“ პარლამენტში მასთან დაკავშირებული ოპოზიციური პარტიის მეშვეობით შეიტანა და აღნიშნავს, რომ ამგვარი ტიპის კანონი მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება და დემოკრატიულობის ნაყოფი არაა.
„როდესაც კანონში ასეთი სიახლეები შემოდის, დროში ამ კანონის ლიმიტირება გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში როგორც მინიმუმ წარმოშობს ეჭვებს, რომ ამგვარი კანონი მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება და არამც და არამც არაა დემოკრატიულობის ნაყოფი“,-განაცხადა წულუკიანმა.
შეკითხვის პასუხად, რომ უმრავლესობის განცხადებით, ამ ინიციატივით წერტილი დაესმება ყველა კითხვას, რომ ვინმეს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღებას უფლება არ აქვს პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით საკითხს მხოლოდ მაშინ დაესმება კანონიერად წერტილი, რაც საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს.
„ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით საკითხს მხოლოდ მაშინ დაესმება კანონიერად წერტილი, რაც საქართველოს პრეზიდენტად წოდებული მიხეილ სააკაშვილი გადალახავს ფსიქოლოგიურ ბარიერს, კალამს აიღებს ხელში და ხელს მოაწერს იმ ბრძანებულებას, რომელიც კანონიერად პრეზიდენტის მიერ უნდა იქნეს ხელმოწერილი და ივანიშვილი საქართველოს მოქალაქედ მიღებული“,-განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის განცხადებითვე, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა იმ სამართლებრივი ჩიხიდან სასაცილო გამოსავალია, რომელიც ივანიშვილმა და მისმა ადვოკატებმა სააკაშვილს შეუქმნეს.
„ივანიშვილს ეს საკანონმდებლო ცვლილება არ უთხოვია, მან ითხოვა ის, რაც სამართლიანად და კანონიერად ეკუთნის. მან ყველა სამართლებრივი გზა ამოწურა ამ საკითხის მოსაგვარებლად. სააკაშვილმა კანონიერი გზით არ ისურვა პასუხის გაცემა და ეს სასაცილო გამოსავალი მოიგონა. სასაცილო იმიტომაა, რომ უცხოელს ეძლევა საშუალება შევიდეს პარლამენტში და გახდეს პერემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე, მოქალქეს კი, რომელსაც ორმაგი მოქალქეობაა აქვს ვერც პარლამენტის თავმჯდომარე და ვერც პრემიერ- მინისტრი ვერ გახდება“,-განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით,სააკაშვილს რაკი ამ საკითხის მოგვარების დროს, ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა ნაციონალებმა პრეზიდენტის შველა გადაწყვიტეს და „ქდმ“-ს რაღაც პროექტის გზით გამოსავალი მოაძებნინეს.
„კანონი არ უნდა ეხებოდეს ერთ ადამიანს ვინც არ უნდა იყოს ის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რომ დღეს საქართველში სამართლებრივი აბსურდი მეფობს“.-განაცხადა წულუკიანმა.