იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის დასკვნით სხდომაზე წინადადებით გამოვიდა, სადაც „ქრისტიან-დემოკრატების" საკონსტიტუციო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა ეძლევათ, დროებითი ნორმა იქნება.
კუბლაშვილის განცხადებით, ის კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება და მხოლოდ მომდევნო სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს. მისივე თქმით, „მითქმა-მოთქმებს და სპეკულაციებს იმის შესახებ, რომ ვიღაცას პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება არ ეძლევა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი“.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიამ მუშაობა დაასრულა. განხილვების პროცესი დღეიდან საპარლამენტო კომიტეტებისა და პლენარული სხდომების ფორმატში გაგრძელდება.
შეგახსენებთ, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება პირს 21 წლის ასაკიდან შეეძლება. ამასთან არჩევნებში მონაწილეობის უფლება ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს ეძლევათ, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და ქვეყანაში ცხოვრების 10-წლიან ცენზს აკმაყოფილებენ.