საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე საპატრიარქოში მიიღო, ჯვრისწერის წინ დალოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
პატრიარქთან წყვილი მშობლებთან და მეჯვარეებთან ერთად იმყოფებოდა.
პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს ოჯახის ბედნიერება უსურვა და ახლადდაქორწინებულები დალოცა. ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა ოჯახის დალოცვისთვის და ბერას ცხოვრების ახალ ეტაპზე ღირსეული ოჯახის შექმნა და ქვეყნის სამსახურში ყოფნა უსურვა.
საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეფასებით დაინტერესდა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა რამდენად მაღალია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობა. მისივე თქმით, ხალხი განკარგავს და განსაზღვრავს ვინ უნდა აირჩიოს და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები კვლავაც ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ.
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ოქტომბერში დაინიშნენ.
პატრიარქთან სტუმრობის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის მეჯვარე ავრცელებს.