„კონფლიქტების მოსაგვარებლად ახალი მექანიზმების დანერგვაა აუცილებელი“

„კონფლიქტების მოსაგვარებლად ახალი მექანიზმების დანერგვაა აუცილებელი“

[გეგა ბერიძე]
ბოლო დღეებში ოფიციალურმა ვაშინგტონმა საქართველოს მხარდამჭერი რამდენიმე ძლიერი განცხადება გააკეთა. საერთო პათოსით აშშ საქართველოსთან მიმართებაში ჩამოყალიბებული პოზიციების დათმობას არ აპირებს. ეჭვს არ იწვევს ის, თუ ვის გასაგონად არის ეს განცხადებები მიმართული, რადგან ბოლო დღეების ჯაშუშური სკანდალის ფონზეც ნათელი ხდება, რომ „გადატვირთვის“ პოლიტიკამ თავისი დრო მოჭამა.

საქართველოდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას და ე.წ. „აღიარების“ გაუქმებას რუსეთისგან ევროსაბჭოც მოითხოვს. ამ მხრივ ევროპელები რუსებს დღემდე შეუსრულებელ ვალდებულებებს კიდევ ერთხელ ახსენებენ. ამასთან, ევროსაბჭო ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებაშიც მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, ქართული მხარე ამ ზოგადი შინაარსის განცხადებას არ ყაბულდება და კონფლიქტების მოსაგვარებლად ახალი მექანიზმების დანერგვას მოითხოვს.

“აშშ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციების დათმობას არ აპირებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებში დემოკრატიული განვითარების მაჩვენებლებს ასახავს – აშშ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციების დათმობას არ აპირებს და მის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აგრძელებს. ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნებას. აშშ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და სხვა მრავალმხრივ მექანიზმებსა და მთავრობებთან ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში კონფლიქტების მშვიდობიანად მოსაწესრიგების მიზნით მუშაობას განაგრძობს”.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ ყველანაირად შეუწყობს ხელს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების და სამართლიანი არჩევნების პროცესს, კანონის უზენაესობას, სასამართლოსა და მედიის თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას. განცხადების ეს ბოლო პასაჟი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც იმავე ამერიკელების შეფასებებით, საქართველო სხვადასხვა სფეროში დემოკრატიული განვითარების ტესტს კვლავაც არადამაკმაყოფილებელ ნიშნულზე აბარებს.

ქართული ვექტორის გამოცოცხლება ევროპულ პოლიტიკაშიც შეინიშნება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსეთის ხელისუფლებას საქართველოდან ჯარების გაყვანისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდა.

მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერთან ბორის გრიზლოვთან შეხვედრისას კრემლს შეუსრულებელი ვალდებულებები კიდევ ერთხელ შეახსენა. ქართულ-რუსულ ურთიერთობებს საუბარი ჩავუშოღლუსა და რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების შეხვედრებზეც შეეხება. ამასთან, აქცენტი რუსეთში რეფორმების გატარების აუცილებლობაზეც გაკეთდება.

ამავე დროს, ევროსაბჭო ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებაშიც მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ უკვე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდიმ და ორგანიზაციის მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანტონიო მილოშოვსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

“გრიგოლ ვაშაძესთან ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები განვიხილეთ. ევროსაბჭო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა და ყველაფერს გააკეთებს, რომ ომის შემდეგ დაზარალებულ მოსახლეობას ადამიანის უფლების დაცვის კუთხით დახმარება აღმოუჩინოს. დევნილები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. მივესალმები საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში და ჩემი წინადადებებიც მაქვს. ვფიქრობ, ევროსაბჭოს შეუძლია, სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღოს”, – აცხადებს ტორბიორნ იაგლანდი.

სტრატეგიულ დოკუმენტს დადებითად აფასებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო მილოშლოვსკიც.

“მინდა, განვაცხადო, რომ ევროსაბჭოს მთავარი პრინციპია მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი ყველა მოხსენება ემსახურება იმას, რომ რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვაიძულოთ. რაც შეეხება სტრატეგიას, მივესალმებით, ძალიან კარგი დოკუმენტია. ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები დაცული იყოს და ჩვენი ვიზიტი და შეხვედრები სწორედ ამას ემსახურება”, – განაცხადა მილოშლოვსკიმ, რომლის თქმით, ევროსაბჭოს მაკედონიის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს საკითხი პრიორიტეტული იქნება.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით კი, კონფლიქტების მოსაგვარებლად ახალი მექნიზმების დანერგვაა საჭირო. ამის შესახებ იაკობაშვილმა სწორედ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან და ორგანიზაციის მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ანტონიო მილოშოვსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგია გააცნო.

“ჩვენ ვისაუბრეთ იმაზეც, თუ რა გზებით შეიძლება, ჩაერთოს ევროსაბჭო კონფლიქტების მოგვარებაში, მოვისმინეთ მათი შემოთავაზებები, რომელთაც დავამუშავებთ. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ორგანიზაციასთან ადამიანის უფლებათა სფეროში, თუმცა არ გვჭირდება მხოლოდ მონიტორინგი მონიტორინგისთვის, საჭიროა კონკრეტული შედეგები, რისთვისაც, ჩვენი აზრით, ახალი მექანიზმების დანერგვაა აუცილებელი”, – ამბობს იაკობაშვილი.

ამ ფონზე, პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის პაატა დავითიას შეფასებით, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში ვერც საერთაშორისო ტერმინოლოგიაში ერკვევა და ვერც იმ რეალობას აფასებს ადექვატურად, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით დასავლეთში ჩამოყალიბდა.

სწორედ ასე ეხმაურება დავითაია ბაღაფშის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს დასავლეთი აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას აღარ ცდილობს.

“როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა და ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაცია პირდაპირ აფიქსირებს, რომ საქართველოს რეგიონები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ევროპულ სტრუქტურებშიც ფიქსირდება ტერმინი „ოკუპაცია“, ის, რაზეც ბაღაფში საუბრობს, სასაცილოა. ამ ტერმინის გამოყენება იმას მიუთითებს, რომ ბაღაფში არათუ აფხაზეთის პრეზიდენტი, არამედ აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელია”, – განუცხადა „პირWელს“ პაატა დავითაიამ.

მისივე თქმით, დასავლეთი ბაღაფშს სწორედ ამიტომ არ ელაპარაკება და არც მომავალში დაელაპარაკება, თუმცა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა გახდეს უფრო მოტივირებული, თავად საქართველოს სახელმწიფო გახდეს მათთვის მიმზიდველი და ამ ორი რეგიონის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება ამ გზით განხორციელდეს.

შეგახსენებთ, რომ აფხაზი სეპარატისტების ლიდერის სერგეი ბაღაფშის მტკიცებით, „აფხაზეთის მიმართ აშშ-სა და ევროკავშირის მიდგომა იცვლება“. „ისინი აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას აღარ ცდილობენ და სხვა ამოცანა აქვთ – რაც შეიძლება, სწრაფად და მეტად ჩამოაშორონ აფხაზეთი რუსეთს“ – მიიჩნევს ბაღაფში, რომლის პოზიციას აფხაზური საინფორმაციო სააგენტო „აპსნი პრესი“ აქვეყნებს.

ამასთან, სეპარატისტთა ლიდერი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ კიდევ რამდენიმე სახელმწიფო აღიარებს, რაც შესაძლოა, აფხაზური დელეგაციის ნიკარაგუასა და ვენესუელაში ივლისისთვის დაგეგმილ ვიზიტებს მოჰყვეს.

“აფხაზეთის წარმომადგენლები შესაძლოა, კუბასაც ეწვიონ. ვფიქრობ, ამ ვიზიტების შემდეგ შესაძლოა, აფხაზეთი კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ აღიაროს. ამ მიმართულებით აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, კარიბის აუზისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან მუშაობას არ ვწყვეტთ”, – დასძენს ბაღაფში.