როგორ არ უნდა დავუშვათ ახალი ომი კავკასიაში

როგორ არ უნდა დავუშვათ ახალი ომი კავკასიაში

[რონალდ ასმუსი, “The Washington Post”]
რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბოლოდროინდელი ვიზიტის შემდეგ, ობამას ადმინისტრაციას იმის დამტკიცება სურს, რომ რუსეთთან გადატვირთვის პარალელურად მას აქვს კავშირების გაღრმავების სტრატეგია ისეთ მოკავშირეებთან, როგორიც პოლონეთი და საქართველოა.

ამისთვის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ცენტრალურ, აღმოსავლეთ-ევროპასა და სამხრეთ-კავკასიაში გაემგზავრა. მოგზაურობის მიზანია ასევე კონსერვატორთა კრიტიკის გაქარწყლებაც, თითქოს ვაშინგტონი მოსკოვთან შეთანხმებას მოკავშირეების მიტოვების ფასად ცდილობს.

ადმინისტრაცია ორმაგი გადაწყვეტილებების ხაზის გატარებას შეეცადა: ის რუსეთთან ურთიერთობების განახლების ინიციატივით გამოვიდა, ისე რომ უარი არ უთქვამს მის პრინციპზე, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ამ ქვეყნებს საკუთარი საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება აქვთ და უარი ეთქვა გავლენის სფეროების შესახებ მოსკოვის მოთხოვნაზე, თუმცა რეალურად მთავარია არა ადმინისტრაციის რიტორიკა, არამედ ის თუ რამდენად გამყარებულია მისი სიტყვები პოლიტიკით, რომელსაც არსებითი ურთიერთქმედება მოსდევს. ჯერ-ჯერობით ადგილი არა აქვს ამგვარ პოლიტიკას. ეს ის დეფიციტია, რომლის შევსებასაც იმედია კლინტონის მოგზაურობა შესძლებს.

ადმინისტრაციამ უკვე დააბრუნა ცენტრალურ და აღმოსავლეთ-ევროპასთან ურთიერთობები ძველ კალაპოტში ისეთ საკვანძო საკითხებთან მიმართებაში, როგორიც მაგალითად ანტი-სარაკეტო თავდაცვაა.

მოლაპარაკებები ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე მათი დარწმუნების შესაძლებლობას იძლევა, რომ ამერიკის და ნატო-ს დაპირებები თავდაცვის ერთობლივ დაგეგმვაზე, წვრთნასა და ინფრანსტრუქტურის შექმნაზე ფუჭი არ იყო.

გაცილებით რთული სიტუაციაა სამხრეთ-კავკასიასთან დაკავშირებით. ორი წლის წინ, დასავლეთი ისეთი სიურპრიზის წინაშე აღმოჩნდა, როგორიც რუსეთ-საქართველოს ომი იყო, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებას დაემუქრა. არ შეიძლება ამგვარი კონფლიქტების მომავალში წარმოქმნის შესაძლებლობის გამორიცხვა. ადმინისტრაცია სამი ძალიან რეალური საფრთხის წინაშეა:

პირველი – აზერბაიჯანს და სომხეთს შორის გაუარესებული ურთიერთობები და სადაო ტერიტორიის მთიანი-ყარაბახის გარშემო კონფლიქტია. ბოლოდროინდელმა შეტაკებებმა და მსხვერპლმა დაადასტურა, რომ ამ რაიონში გაზრდილია დაძაბულობა. თურქულ-სომხური დაახლოების კოლაფსი (იმედი ვიქონიოთ, რომ დროებითი) ასევე ხელს უწყობს დაძაბულობის მატებას. უფრო მასშტაბური საერთაშორისო და დასავლური მონაწილეობის არ არსებობის პირობებში ეს შეტაკებები შეიძლება კონტროლს აღარ დაექვემდებაროს და ზაფხულის განმავლობაში ნამდვილ ომში გადაიზარდოს.

მეორე – ჩვენ არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში იმ მოსაზრებამ, რომ თითქოს დასრულდა რუსულ-ქართული კონფლიქტი. მოსკოვს გადაწყვეტილი აქვს გატეხოს თბილისის დასავლეთისკენ მისწრაფების სურვილი. ის შეიძლება დაელოდოს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს ზომები, თუმცა მისი ამოცანები უცვლელია. მართალია, საქართველო ომს და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს მოსალოდნელზე უკეთ გაუმკლავდა, თუმცა გამოყოფილი რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის განუსაზღვრელი სტატუსი და ამ ტერიტორიებზე რუსეთის ჯარების ყოფნა (ფაქტობრივი ოკუპაცია) სერიოზული დაბრკოლებაა საქართველოს სტაბილიზაციისა და მისი რეფორმირების გზაზე. სასაზღვრო რეჟიმი, რომელსაც ევროკავშირის უიარაღო მონიტორები აკვირდებიან სუსტია. რეალური არასტაბილურობისა და დაძაბულობის პირობებში, საეჭვოა მისია ადეკვატური იყოს.

მაგრამ რეგიონისთვის პოტენციურად ყველაზე დიდი საფრთხე ჩრდილოეთ-კავკასიაა, სადაც რადიკალური, მადესტაბილიზებელი ძალების თარეში გრძელდება. სოჭში დაგეგმილმა 2014 წლის ოლიმპიური თამაშებმა (მოსკოვისთვის პრესტიჟული პროექტი) ამ დინამიკისთვის შეიძლება კატალიზატორის როლი ითამაშოს. როგორც სჩანს, რუსეთის მთავრობა, ვლადიმერ პუტინის გამონათქვამს თუ დავესესხებით, რეგიონის „გაწმენდის“ აუცილებლობას განიცდის, რათა მოსპონ ოლიმპიურ თამაშებზე ტერორისტული თავდასხმების საფრთხე.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსკოვმა შეიძლება წინასწარ მიიღოს მკაცრი ზომები და სისასტიკის გამოვლინებები მანამდე დასრულდეს, ვიდრე ამას დასავლელი ჟურნალისტები შეამჩნევენ ან 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი სპორტსმენი ჩავა, მაგრამ ამ ტიპის ქმედებებმა შეიძლება სიტუაცია გააუარესოს.

ის უკუშედეგი რომელსაც დღეს მოსკოვი აწყდება, რომელიც წლების მანძილზე რეგიონში სეპარატისტულ ძალებს უჭერდა მხარს – კოშმარია არამხოლოდ რუსეთის ლიდერებისთვის, არამედ დასავლეთისთვისაც. წარმოიდგინეთ, რომ რეგიონის ჯიჰადისტები განამტკიცებენ თავიანთ კავშირებს ანალოგიური სახელწოდების ჯგუფებთან, რომლებიც ჩვენ ახლო- აღმოსავლეთში, ავღანეთსა და პაკისტანში დავასუსტეთ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინფექცია დიდად არ გავრცელდება, მას სამხრეთ-კავკასიის დესტაბილიზაცია შეუძლია. ისტორიულად, რუსეთი სამხრეთ-კავკასიაში ჩრდილოეთზე კონტროლის საშუალებას ხედავდა. თუკი ის დღესაც ანალოგიურად იმოქმედებს და დამნაშავეთა „ცხელ კვალზე“ დევნის (სხვა სახელმწიფოს საზღვრის დარღვევით) უფლებას მოითხოვს, საჰაერო სივრცის ან საქართველოს ტერიტორის გამოყენებით, ჩვენ შეიძლება ელვისებურად აღმოვჩნდეთ კიდევ ერთი არასასურველი კონფლიქტის ზღვარზე.

საერთო ჯამში რისი გაკეთება შეუძლიათ შეერთებულ შტატებს და დასავლეთს? ადმინისტრაციას უამრავი საგარეო პოლიტიკური პრობლემა აქვს გადასაწყვეტი, მაგრამ ეს კლასიკური შემთხვევაა, რომელშიც მოკრძალებულმა ინვესტიციამ მომავალში შეიძლება უფრო დიდი პრობლემები აგვაცილოს თავიდან.

ვაშინგტონი უნდა შეეცადოს ჩრდილოეთ-კავკასიაში მოსკოვთან ურთიერთქმედებას. ჩვენ შესაძლოა ამ რაიონში რუსეთის პოლიტიკაზე გავლენის ბევრი ბერკეტი არ გაგვაჩნია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მსგავსი მეთოდების გავრცელება და სამხრეთ-კავკასიაში მაინც შევზღუდოთ თანმდევი დანაკარგები.

ასეთი გრძელვადიანი გამარჯვება მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით სასაზღვრო კონტროლისთვის უფრო ეფექტური მექანიზმების შექმნას, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის ჩამოყალიბებისკენ დიდ ძალისხმევას და გარკვეული დაზღვევის შექმნას, რომელიც ამ ქვეყნებს მსგავს შემოტევასთან გამკლავების შესაძლებლობას მისცემს.

მოკრძალებულმა ინვესტიციამ შეიძლება გაცილებით მნიშვნელოვან პრობლემებს აგვარიდოს, რომლებიც მომავალში გველის. იმედი ვიქონიოთ, რომ სახელმწიფო მდივანი კლინტონი ამ საკითხზე რეგიონში კონსესუსის მიღწევას შესძლებს.

რონალდ ასმუსი – კლინტონის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო, დღეს ის ბრიუსელში მარშალის ფონდის ტრანს-ატლანტიკური ცენტრის დირექტორია. სტატიაში მისი პირადი შეხედულებებია გამოთქმული.
foreignpress