დემოკრატია საფრთხეშია

დემოკრატია საფრთხეშია

[ენ აპელბაუმი, Washington Post]
კრაკოვი, პოლონეთი – თეატრალური ლოჟები უცნაური მოხატულობით, მსუბუქ ხავერდის სავარძლებზე ქვევით – სარიში გამოწყობილი წარმომადგენლები ბამბის კოსტუმებში შემოსილი უფლებადამცველების ირგვლივ. ჰილარი კლინტონი სიტყვით გამოდის „დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის“ ათი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ირგვლივ ხალხია შეკრებილი. დასაწყისში მან მადლიერება გამოხატა მისი წინამორბედის მადლენ ოლბრაიტის მიმართ, რომელიც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია და ათი წლის წინ ის პოლონეთის საგარეო საქმეთა მაშინდელ მინისტრ ბრონისლავ გერემეკთან ერთად შექმნა.

შემდეგ მან საუბარი დაიწყო არა პირდაპირ დემოკრატიაზე, არამედ სამოქალაქო საზოგადოებაზე, „უფლებადამცველებზე, ორგანიზაციებზე, მწერლებზე და ჟურნალისტებზე, რომლებიც მშვიდობიანი მეთოდებით მოქმედებენ და მთავრობებს უკეთ მუშაობისკენ უბიძგებენ“. კლინტონის თქმით, სამოქალაქო საზოგადოება მმართველობის წარმომადგენლობით სისტემასთან და წარმატებულად ფუნქციონირებად ბაზრებთან ერთად „დემოკრატიული მმართველობის და საყოველთაო კეთილდღეობის საფუძველია“. იმავდროულად სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხე ემუქრება და აქ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა იმ უფლებადამცველების სახელები ჩამოთვალა, რომლებიც ბევრ ქვეყანაში გისოსებს მიღმა სხედან, მათ შორის ისეთ ქვეყნებში რომლებიც თავს დემოკრატიულს უწოდებენ: ეგვიპტეში, ჩინეთში, ბირმასა და ზიმბაბვეში.

ჩემს უკან, ქუვეიტელი დიპლომატი ბლოკნოტში არაბულ ენაზე რაღაცას გაცხარებით იწერდა. ზედა აივნებიდან მონღოლეთის და მოლდოვას დელეგატების თავები მოსჩანდა, რომლებიც არც ერთ სიტყვას უყურადღებოდ არ სტოვებდნენ, მაგრამ ისმენდნენ კი მის გამოსვლას სამშობლოში?

ახლა ეს ცენტრალური საკითხია და არა მხოლოდ „დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობისთვის“ (პოლონელების მიერ ცოტახნის წინ აღორძინებული ორგანიზაციისთვის, რომელსაც ბუშის ადმინისტრაცია ქედმაღლურად უგულებელყოფდა), არამედ „დემოკრატიის გავრცელების“ ყველა მხარდამჭერისთვის, მათ შორის ჩემთვისაც. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დემოკრატიის ამერიკულმა გავრცელებამ ახალი ფორმები შეიძინა, განვლო გზა რეიგანის ადმინისტრაციის დროინდელი ანტი-კომუნისტური დისიდენტების საიდუმლო მხარდაჭერიდან – 2002 წელს რადიო „თავისუფალი ავღანეთის“ დაარსებამდე, თუმცა დღეს მთელ ამ კონცეფციას საფრთხე ემუქრება.

ნაწილობრივ ეს იმითაა განპირობებული, რომ როგორც ახლახანს კლინტონმა აღნიშნა, დემოკრატიას რთული დღეები უდგას. ყველა მაჩვენებლით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ავტოკრატებმა საკუთარი პოზიციები განამტკიცეს. ყველაზე განსხვავებული ქვეყნები: რუსეთი, ვენესუელა, ირანი - „დემოკრატიულ“ რიტორიკას ოსტატურად იყენებენ, რაც არანაირად ხელს არ უშლის მათ ფალსიფიცირებულ არჩევნებს, ყალბ პოლიტიკურ პარტიებს, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად „სამოქალაქო საზოგადოებასაც“ კი, მთავარია ორთქლის გამოშვება და რეალური გარდაქმნების მოთხოვნაზე ზეწოლის შესუსტება.

იმავდროულად, დემოკრატიის გავრცელების დისკრედიტაცია ერაყში შეჭრითაც მოხდა, დღეს ამ გადაწყვეტილებას ხშირად აღიქვამენ როგორც უგუნურ „ომს დემოკრატიისთვის“, რაც კარგით არაფრით დასრულდა. ერთ დღეში ერაყის ახლო- აღმოსავლეთის შვეიცარიად გარდაქმნაც ვერ მოხერხდა, და ახლა ეს ფაქტი იმის თვალსაჩინო მაგალითად მოჰყვათ, რომ არ შეიძლება დემოკრატიის გავრცელება ან მისი დაჩქარება. ამ გულუბრყვილო არგუმენტმა თავისი შედეგი გამოიღო: გაპრეზიდენტების შემდეგ ბარაკ ობამა, საგარეო პოლიტიკის კონტექსტში ტერმინ „დემოკრატიის“ ხსენებას ისე უფრთხის, როგორც სახიფათო „ბუშიზმს“ და „ჩვენს საერთო უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე“ საუბარს ამჯობინებს.

მაგრამ სინამდვლეში დემოკრატიის გავრცელება ხომ შეთქმულ-ნეოკონსერვატორთა გამოგონება არ არის. ეს ორპარტიული ამერიკული და ზოგადად დასავლური საერთაშორისო პოლიტიკის ძველი ინსტრუმენტია, რომლის გადაფარვაც პერიოდულად ისეთი ცნებებით ხდება, როგორებიცაა „საზოგადოებრივი დიპლომატია“ და „უცხო ქვეყნების დახმარება“.

გერმანელები დემოკრატიის მომხრეების მხარდაჭერის დროს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ-ევროპის ქვეყნებში, საკუთარი პარტიების პრინციპებს ეყრდნობიან, ინგლისელები ზოგჯერ „თანამეგობრობის“ იმ სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის საშუალებით მოქმედებენ, რომელშიც ბრიტანეთის ყოფილი კოლონიები და აფრიკისა და აზიის ზოგიერთი სხვა ქვეყანა ერთიანდება. ჩვენ ამერიკელები მიდრეკილები ვართ ფული დავხარჯოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე (რადიო „თავისუფალი ევროპა” და მისი დღევანდელი ფილიალები), ან სპეციალურ მომზადებაზე (მოსამართლეების, ჟურნალისტების და უფლებადამცველების) და დიახ კიდევ ავტორიტარული რეჟიმების ქვეყნებში დემოკრატიის მხარდამჭერთა საიდუმლო დაფინანსებაზე.

იმედგაცრუებას იწვევს (ყოველ შემთხვევაში, მათში ვინც ამ პროექტებს აფინანსებს) ის, რომ ამ მეთოდებიდან წარმატების გარანტიებს არც ერთი არ იძლევა, ზოგჯერ კი ისინი სრული მარცხითაც სრულდება. რევოლუციებმა შესაძლოა უკუგანვითარება დაიწყოს. კარგი დისიდენტები ყოველთვის კარგი პრეზიდენტები ვერ ხდებიან. უკვე დამკვიდრებულ დემოკრატიასაც კი მუდმივი ყურადღება სჭირდება, დემოკრატიული პრინციპები ისეთ საზოგადოებაში რომელსაც მკვეთრი ნაციონალური კონფლიქტები სტანჯავს, ან უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, შეიძლება საოცრად მყიფე აღმოჩნდეს.

და მაინც ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გაღებული ხარჯები საერთოდ არ მუშაობს. წარსულში ისინი არაერთხელ აღმოჩნდა ეფექტური და შესაძლოა ხელახლაც იმუშაოს, განსაკუთრებით თუკი როგორც ამას კლინტონი გვთავაზობს, ჩვენ სიტყვის და შეკრების თავისუფლებებზე მოვახდენთ კონცენტრირებას, რომელთა გარეშეც ყოველგვარი არჩევნები და პოლიტიკური პარტიები უბრალო ფარსია. ჩვენ არ შეგვიძლია დემოკრატია ვინმეს თავს ძალით მოვახვიოთ, მაგრამ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და მის კორუმპირებულ ადამიანთა უფლებების საბჭოს, შესაძლოა დავიხმაროთ „დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობაც“, რომ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს თვალყური ვადევნოთ და ეს საქმეები გამოვიძიოთ.

ამგვარი დანაშაულებებისა და მათი გაკიცხვით, ვინც ამ დანაშაულებს სჩადის, ჩვენ ახალ დემოკრატიებთან გაერთიანებას შევძლებთ და არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებთან, არამედ სამხრეთ-კორეასთან, ინდონეზიასთან და ჩილესთან, რომლებმაც ამ საკითხებით საკმარისი შეშფოთება გამოსთქვეს, როდესაც საკუთარი მინისტრები გასულ შაბათ-კვირას კრაკოვში გამოგზავნეს.

და ნამდვილად ღირს სპეციალური მომზადებისა და რადიოსადგურების პროგრამების დაფინანსება, შესაძლოა ეს ხარჯები ოდესმე ანაზღაურდეს. კლინტონმა განაცხადა ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შესახებ, ორი მილიონი დოლარი ჩადოს ფონდში იურისტების, მობილური კავშირებისა და იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების სწრაფი დახმარებისთვის, რომლებსაც სდევნიან. ეს ბევრი არ არის (როგორც ჩემმა ერთმა მეგობარმა აღნიშნა, იმ ადამიანებიდან რომლებიც შაბათს აუდიენციას ესწრებოდნენ, ზოგიერთებს საბანკო ანგარიშზე გაცილებით მეტი ფული აქვთ), მაგრამ მსგავსი რაღაცეები ძალიან ძვირიც არ უნდა ჯდებოდეს.

და, სხვათა შორის, მხარდაჭერის ასეთი ხარისხიც მოითხოვს იმის პერიოდულ შეხსენებას, რომ ის მართლაც აუცილებელია. შაბათს კლინტონმა ეს შეგვახსენა და საერთაშორისო კრების აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. იმედი მაქვს, რომ მის გამოსვლას სამშობლოშიც აპლოდისმენტებით შეხვდებიან.[foreignpress.ge]