ხელისუფლების ანონსის თანახმად, ივლისი საქართველოსთვის უხვსტუმრიანი იქნება. მათ შორის პირველი, ჰილარი ქლინთონი ჩვენს ქვეყანას გუშინ სტუმრობდა.
როგორ შეიძლება შეფასდეს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი; რატომ ჩამოვიდა იგი საქართველოში და რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი? „პრესა.გე“ ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში, ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.
– ჩამოვიდა იმიტომ, რომ მას ჰქონდა ტურნე აღმოსავლეთ ევროპაში. თავის მხრივ, ეს ტურნე იყო იყო დემონსტრირება იმისა თუ ვის თვლის შტატები თავის პარტნიორად რეგიონში. განსაკუთრებით აქცენტები გაკეთდა ქვეყნებზე რომლებიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჯერ კიდევ განვითარების პროცესში არიან და სხვადასხვა ტიპის სერიოზული პრობლემები აქვთ; ანუ სჭირდებათ ამერიკის მხარდაჭერა და თანამონაწილეობა თავიანთი პრობლემების მოგვარებაში. ამ კუთხით თუ შევხედავთ, შეიძლბა ითქვას, რომ ქლინტონი არ ჩამოსულა აქტუალური პრობლემების მოსაგვარებლად.
ეს იყო ზოგადი მიმოხილვა სიტუაციის; კიდევ ერთხელ, ამერიკის ადმინისტრაციის პოზიციების დაფიქსირება ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან თუ მთლიანად სიტუაციასთან მიმართებით. ამ ვიზიტის დროს, იყო შეხვედრები რომლებიც იყო სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების გაცვლა–გამოცვლას ემსახურებოდა.
რუსეთთან დაკავშირებით, როგორც ჩვენი ხელისუფლების ასევე ცივილიზებული სამყაროს პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა და სხვაგვარად შეუძლებელიცაა რადგან ყველასათვის ნათელია, რომ საქმე მართლაც აგრესიასთან და ოკუპაციასთან გვაქვს. თუმცა, ამის ღიად დაფიქსირბა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამას პირდაპირ მოჰყვება შესაბამისი რეაქცია დასავლეთის, ამერიკის მხრიდან.
იმავდროულად, ამის არ დაფიქსირება იქნებოდა ერთგვარი, ღია განაცხადი, რომ ეს პროლემა არ არის აქტუალური. დღეს, როდესაც ეს საკითხი სპეციალურადაა ხაზგასმული ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის მხრიდან, ამით დაფიქსირდა, რომ პრობლემა აქტუალურია.
რაც შეეხება ქვყნის შიგნით არსებულ სიტუაციას და დემოკრატიულობისა თუ არადემოკრატიულობის შეფასებას... ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ობამას ადმინსტრაციას უფრო ობიექტური შეფასებები და პოზიცია აქვს. ახალი ადმინისტარცია მიხვდა, რომ სააკაშვილის ბრმად მხარდაჭერა დათვური სამსახური იქნებოდა, რადგან სწორედ ასეთმა მიდგომამ წარმოქმნა რამდენიმე ტიპის კრიზისი: შიდა პილიტიკური, საერთაშორისო ურთიერთობებთან და კონფლიქტებთან მიმართებაში.
აშშ–ს ადმინისტრაციის და თავად ქლინთონის გუშინდელი განცხადებები მოწმობს, რომ მათი შეფასებები და მიდგომაც, ძალიან ფრთხილია. ამასთანავე, კეთდება მინიშნებები, რომ ამერიკა ხედავს რაც პრობლემებიც არის ქვეყანაში – ფრთხილად, დიპლომატიური ენით, მაგრამ კეთდება. სხვათაშორის, ეს სიფრთხილე კარგად გამოჩნდა აზერბაიჯანშიც. ასევე საქართველოშიც, როდესაც მან აღნიშნა ყველა პრობლემატური საკითხი: მედია, სასამართლო, არჩევნების დემოკრატიულობა, ხელისუფლბის უზურპაცია, ადამიანის უფლბების დარღვევები და ა.შ.
მე რაც დავინახე, აშშ–ს გამოკვეთილად მკაცრი პოზიცია არ ჰქონდა ქვეყანაში დემოკრატიის არარსებობის გამო. ვფიქრობ, ამის მიზეზი ისაა, რომ დღეისათვის ამერიკა ვერ ხედავს გამოკვეთილ პოლიტიკურ ძალას – დაწყებული საზოგადობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერითა და ყველა სხვა კომპონენტით დასრულებული – რომელსაც შეუძლია დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა.
იქნებ ამას სხვა მიზეზი აქვს?...ანუ საქმე პოლიტიკური ძალის არსებობა–არარსებობა კი არ არის არამედ ის, რომ წინამორბედი ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ობამას ადმინისტრაცია აშკარად არ არის განწყობილი რევოლუციების მხარდაჭერისთვის – მათ შორის, თუნდაც, მშვიდობიანისაც კი?
– ვფიქრობ, ამერიკას სააკაშვილი აღარ აწყობს. აღარ აწყობს თუნდაც, „გადატვირთვის“ პოლიტიკის გამო. გარდა ამისა, აკიდებული აქვს საქართველოს პრობლემები რომლებსაც ვერ აგვარებს ანუ ვერ იწერს პოლიტიკურ ქულებს მათი მოგვარებით.
სააკაშვილი პერსონა–ნონგრატაა რუსეთისთვის ანუ მის პიროებბში კონფლიქტებთან დაკავშირებით, რაიმე ძვრა ვერ მოხდება. გარდა ამისა, აშშ უყურებს, რომ მისი პარტნიორი საქართველო ძალიან ხშირად ხვდება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში უარყოფით კონტექსტში – თუნდაც, „მოდელირებული ქრონიკა“ გავიხსენოთ – ჩვენი ხელისუფლებაც და შესაბამისად, ქვეყანაც.
ამ თვალსაზრისით, საეჭვოა, რომ თეთრ სახლს აწყობდეს სააკაშვილის – როგორც ლიდერის – არსებობა. მას „ახალი სისხლი“ ურჩევნია. ახალი ხალხი, რომლებთანაც ახალი მოლოდინები იქნება დაკავშირებული და რომლებთანაც უფრო მარტივი იქნება არსებული პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა.
დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. ნათელია ჯერ ერთი ის, რომ როგორც გითხარით, რუსეთთან მიმართებაში არაფერი გამოვა...
რატომ არ გამოვა? გავიხენოთ, რომ ქლინთონის ვიზიტამდე ორიოდე დღით ადრე, სააკაშვილმა რუსეთს უპირობო დიალოგის დაწყება შესთავაზა...
– ეს უბრალოდ ჰაერში გასროლილი სიტყვები იყო.
რატომ?
– მან ძალიან კარგად იცის, რომ დღე და ღამე მედვედევთან შეხვედრის ოცნებაშიც რომ იყოს, სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მედვედევი არ შეხვდება. და რადგან იცი, რომ მედვედევი არ შეხვდება, მუდმივად საუბრობს ამ შეხვედრისა თუ დიალოგისათვის მზადყოფნაზე. იმისათვის, რომ დასავლეთს დაანახოს: მე მზად ვარ შეხვედრისთვის, მაგრამ რუსეთს არ სურს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია საზოგადოების განწყობაც. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევები აჩვენებს: საზოგადოება ითხოვს რუსეთთან დიალოგს.
სააკაშვილს აქვს დიდი მინუსი: მას არ მიესვლება რუსეთთან. ამიტომ იძულებულია, ილაპარაკოს იმ თემებზე რაც საზოგადოებას სურს გაიგოს ან ჰქონდეს მოლოდინები. ამით ის მათ აწყნარებს და აჩვენებს: აი, რა გინდათ, ეს კაცი მზად არის მოლაპარაკებებისთვის.
ახლა ჩემს წინა პასუხს დავუბრუნდები.... ერთია, რუსეთთან მიმართებით სააკაშვილის არსებობა ხელისშემშლელი ფაქტორია. მეორე – მას არ აქვს უნარი, ქვეყანა რეალურად დააბრუნოს დემოკრატიის გზაზე. ჩვენ სრულიად ჩაფლული ვართ დიქტატურის ჭაობში სადაც პოლიცია აკონტროლებს ყველაფერს; ბიზნესი დატერორებულია; არის ელიტარული კორუფცია; მედია კი უბრალოდ ოკუპირებულია. ამ ყველაფრის ჭეშმარიტად დემოკრატიულ რელსებზე გადაყვანა, ქვეყნის აფეთქებას გამოიწვევს.
ამას ყველაფერს ემატება ისიც, რომ საერთაშორისო ასპარეზზე სააკაშვილის – როგორც პრეზიდენტის – იმიჯი, სერიოზულადაა შელახული. რამდენი მაღალჩინოსანიც უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და რა ბრტყელ–ბრტყელი სიტყვებიც უნდა თქვან, ყველამ კარგად ვიცით: დასავლელი ლიდერებისათვის, კულუარებში, სააკაშვილის რეიტინგი უკიდურესად დაწეულია.
თუმცა, გეთანხმებით, აშშ–ს მართლაც არ სურს გარისკოს და მორიგ რევოლუციურ ცვლილებებს დაუჭიროს მხარი. მათი პოზიცია არის ის, რომ როგორმე აიძულონ დღევანდელი ხელისუფლება, ძალაუფლება დათმონ არჩევნების გზით. თუმცა, ეს „დათმონ“ არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც ეტყვის სააკაშვილს, წადიო. უბრალოდ, აიძულებენ შექმნან ისეთი საარჩევნო გარემო, რომლის პირობებშიც, ყველა პოლიტიკურ ძალას თანაბარი პირობები ექნება საარჩევნო პროცესში.
სწორედ ამიტომ ვფიქრობ, ამერიკის ადმინისტრაცია განსაკუთრებით აქტიური იქნება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რათა ყველაფერი როგორმე სწორედ ამ არჩევნების გზით მოგვარდეს. თუ შეიძლება ასე ითქვას, გასული არჩევნები ერთგვარად, სიტუაციის დაზვერვა იყო; ადგილობრივი არჩევნების შემდეგ კი ვფიქრობ, აშშ–ს ადმინისტრაცია უკვე სერიოზულად იაქტიურებს.
შემდეგი კითხვა ძალიან ვრცელ პასუხს ითხოვს, მაგრამ იქნებ მოკლედ, თეზისების დონეზე ჩამოგეყლიბებინათ...ბაიდენის შარშანდელი ვიზიტიდან ჰილარი ქლინთონის ვიზიტამდე – რა შეიცვალა ამირიკული მხარის მიერ საქართველოსთვის გამოგზავნილ მესიჯებში?
– ბაიდენის ვიზიტს სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა. ანუ მის დროს ძირითადად, ხაზი გაესვა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიციას, მათ დამოკიდებულებას, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტთან დაკავშირებით. ანუ იქამდე, სანამ საქართველოს პრობლემებზე დაიწყებდნენ საუბარს, ამერიკამ ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებთან დაკავშირებით.
თავის მხრივ, აქედან ბაიდენმაც წაიღო ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორი იყო რეალურად ვიტრება ქვეყნის შიგნით. არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ამერიკას აქ სხვა ელჩი ჰყავდა. მასთან გარკვეული პრეტეენზიები გააჩნდა როგორც ქართულ საზოგადოებას ისე, თავად აშშ–ს ადმინისტრაციასაც.
რაც შეეხება ქლინთონის ვიზიტს... ერთი რომ ეს იყო ერთგვარად, სტანდარტული ტურნე აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორებისთვის მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით; მეორე მხრივ, საქართველოსთან დაკავშირებით, ვფიქრობ, შტატები უკვე საბოლოოოდ მიიყვანა იმ პოზიციებამდე, რაც ჩვენს ქვეყანას დაეხმარება, მივიდეს დემოკრატიულ საპარლამენტო არჩევნებამდე.
ძალიან საინტერესო იყო, რომ ბაიდენმაც და სახელმწიფო მდივანმაც, აბსოლუტურად იდენტური პოზიცია დააფიქსირეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემასთან დაკავშირებით – ბაიდენმა უფრო ღიად, კლინთონმა შედარებით უფრო დიპლომატიურად, მაგრამ არსი ერთი და იგივე იყო. მათ გვითხრეს: გაძლიერდით იმდენად, რომ მერე მათ თვითონვე მოუნდეთ თქვენთან ურთიერთობა, თქვენთან დაბრუნება...
– კი და ეს გაიმეორა გორდონ ბრაუნმაც. როდესაც მას დაუსვეს კითხვა საქართველოსთვის იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ საქართველოს პრობლემების მოგვარების გზა მის ეკონომიკურ სიძლიერეზე გადის. როდესაც იქნებით დემოკრატიული სახელმწიფო, იქნებით მიმზიდველი აფხაზებისა და ოსებისთვის – მათ თავად მოუნდებათ თქვენთან დაბრუნება.
ეს ნათელი სიგნალია, რომ საქართველოს ხელსიუფლებამ უარი უნდა თქვას მილიტარიზაცია და უნდა დაიწყოს დემოკრატიზაციის, ეკონომიკური გაძლიერების პროცესი.
თვალშისაცემი იყო ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ბაიდენისა და ქლინთონის ვიზიტებს შორის... შარშან ბაიდენთან მიწვეული ჰყავდათ ირაკლი ალასანია, ლევან გაჩეჩილაძე, ნინო ბურჯანაძე, გიორგი თარგამაძე. ცოტა უფრო ადრე, ფილიპ გორდონის ვიზიტის დროსაც, იგივე შემადგენლობა იყო. ახლა, ქლინთონს შეხვდა ალასანია და მისი თანაპარტიელი ალექსი პეტრიაშვილი; გიორგი თარგამაძე – ლევან ვეფხვაძესთან ერთად. ეს პარტიები ცვლილებების მომხრენი ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ არჩევნების გზით არიან. ამის გათვალისწინებით, შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ ამერიკული მხარის მიერ მათზე არჩევანის შეჩერებით იქნა გაკეთებული ძალიან ღია განაცხადი იმის შესახებ, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს ცვლილებების არავითარ ვარიანტს გარდა საარჩევნო პროცესისა?
– აბსოლუტურად გეთანხმებით და შემიძლია თქვენი კითხვა სიტყვა–სიტყვით გავიმეორო ჩემს პასუხად. მთლიანად ვიზიარებ თქვენს ხედვას. ეს იყო ნიშანი, რომ მართლაც, ამერიკისთვის საინტერესონი არიან მხოლოდ ის ძალები, რომლებიც ცვლილების მიღწევას ცდილობენ მხოლოდ არჩევნების გზით. შესაბამისად, ქლინთონი შეხვდა მხოლოდ იმ ხალხს ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში.
მეორე მხრივ, საკითხავია, რამდენად სამართლიანია საარჩევნო გარემო და სახელმწიფო მდივანი ამ საკითხებსაც შეეხო. გუშინ ირაკლი ალასანიამ თუ არ ვცდები, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით განაცხადა, რომ მას შეხვედრები ჰქონდა არამარტო ჰილარი ქლინთონის თანაშემწესთან არამედ, ბუშისაც. ორივე მხარემ მისგან მიიღო ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ვიათარების შესახებ.
ამერიკა ერთგვარად ამბობს, რომ თუ ოპოზიციას სურს რეალური დახმარება მოიპოვოს მათგან, მაშინ, ისინი უნდა მოემზადონ და თავიანთი ბრძოლისთვის მაქსიმალურად კონსტრუქციული ფორმები მოიძიონ.
ქართული პოლიტიკის პრობლემა ისაა რომ მუდმივად ითხოვს „დღევანდელ ქათამს“ და არასოდეს განიხილავს „ხვალინდელი კვერცხის“ პერსპექტივას. ამერიკისთვის ეს გაუგებარია. თუმცა, ვფიქრობ, იმ კონკრეტული ნაბიჯების მიხედვით, რომლებსაც აშშ–ს ადმინისტრაცია გადმოდგამს ქართული დემოკრატიის მხარდაჭერის მიზნით, უფრო გასაგები გახდება, კონკრეტულად რას ელიან ისინი ქართული ოპოზიციისგან.