ყოფილი დეპუტატი, კობა ბექაური, რომელიც გიგი უგულავას მიმართ წაყენებული ბრალდების მთავარი მოწმეა უფლებაშეჩერებულ მერს მაფიოზური კლანების შექმნაში ადანაშაულებს.
„გიგი უგულავა დემაგოგია, ის არის ადამიანი, რომელიც ქმნიდა მაფიოზურ კლანს. 2005 წელს განვიხილავდით პარკინგის მოწესრიგების საკითხს, 2005 წელს ჩვენ გავაკეთეთ საპრეზენტაციო ნაწილი, ჩვენ ვფიქრობდით ბიზნესის განვითარებაზე, შემდეგ გაურკვეველი მიზეზების გამო დავტოვე პარლამენტი, 2007 წელს გამოცხადდა ტენდერი და ჩაიგდეს ხელში ეს პარკინგის პროგრამა იმ კომპანიას, რომელიც მე ჩამოვიყვანე. კომპანიამ, რომელმაც მოიგო, მას ხელშეკრულებით არ ჰქონდა უფლება გასულიყო, თუმცა, გაიყვანეს და ეს ყველაფერი გადააფორმეს სხვა კომპანიაზე’’-განაცხადა კობა ბექაურმა გადაცემა „პოლიტიკის დროში“.
მისივე განმარტებით, მერიასა და სი-თი პარკს შორის არსებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას არანაირი ვალდებულება არ აქვს აღებული. იმ შემთხვევაში კი, თუ მერია სი-თი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტას გადაწყვეტს, მერია ვალდებულია ბიუჯეტიდან კომპანიას 60 მილიონი დოლარი გადაუხადოს.
‘’უგულავამ ხელშეკრულებაში ჩადო, რომ თუ ვინმე სი-თი პარკს პრობლემას შეუქმნიდა, თბილისის მერიამ სითი პარკს 60 მილიონი უნდა გადაუხადოს. ეს უგულავას თავის ჯიბის ფულად და „ნაციონალური მოძრაობის“ ფულად ჰქონდა, ამიტომ მათ ზედმეტი თვალი და ყური აღარ სჭირდებოდათ. მათ პირდაპირ დააფიქსირეს, რომ ბექაური არ უნდა ყოფილიყო სი-თი პარკის თემაში“, - განაცხადა კობა ბექაურმა.