შარშანდელი მასობრივი აქციების წარუმატებლობის შემდეგ, (ისტორიის თვალსაზრისით კიდევ საკითხავია, რამდენად წარუმატებელი იყო ეს აქციები) ჩვენი საზოგადება ერთგვარ დეპრესიულ მდგომარეობაში ჩავარდა. დაპირისპირების მუხტი არ გამქრალა, მაგრამ მისი პოლიტიკური გამოხატვის ფორმები სადისკუსიო გახდა.
აქციების შედეგად ადამიანთა დიდ მასაში გაჩნდა რწმენა: მასობრივი გამოსვლებით ვერაფერს მივაღწევთ. სხვა გზაა საჭირო და ამ ფონზე, არჩევნების მომხრეები გააქტიურდნენ.
შეიძლებოდა მათთვის გვეპატიებინა, რომ ისინი პატარა პოლიტიკურ ეშმაკობას მიმართავდნენ და მათ მიერ დასახულ პროგრამა მაქსიმუმს – თბილისის მერობას- არც მეტი არც ნაკლები, სააკაშვილის რეჟიმის დამხობად გვასაღებდნენ.
ჩვენმა საზოგადოებამ ალტერნატიული გზის არსებობა დაიჯერა. დაიჯერა ის, რომ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული არჩევნების პირობებში, ძალის ცდა ღირს. მეტიც, იქნებ პროდუქტულიც აღმოჩნდეს (მეც რაღა დაგიმალოთ, ამ მცდელობის მხარდასაჭერის გამო მივიღე მონაწილეობა არჩევნებში და ხმა მივეცი ალიანსს). არჩევნებმა ნათლად აჩვენა რომ ეს ჩიხური გზა იყო.
ჩიხური გზა იყო, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ალიანსის იმ წევრებმა, რომლებმაც არჩევნების მეორე დღეს გამოაცხადეს – გავიმარჯვეთო, მესამე დღეს ალიანსის ლიდერი ხელისუფლებასთან შეკვრაში დაადანაშაულეს (ისე ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ჩამთვლის იდიოტად, ხელისუფლება, რომელიც წაგებულ ომს მოგებულად გამომიცხადებს, თუ ოპოზიცია, რომელიც წაგებულ არჩევნებზე მეტყვის მოვიგეთო).
არჩევნების შემდეგ, მოვლენები მოულოდნელი მიმართულებით განვითარდნენ. ოპოზიციის ნაწილმა განაცხადა, რომ „მათი ხედვით“ და „მათი ღრმა რწმენით“ მთელი პოლიტიკური აქტივობა 2012 წელზე უნდა მიიმართოს.
„მათი ხედვით“ ერის წინაშე მდგომი უმთავრესი პოლიტიკური ამოცანაა 2012 წლისთვის მივაღწიოთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, რაც ამომრჩეველთა ზუსტ აღრიცხვიანობაში, ვიდეოთვალების დანერგვაში, საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებაში უნდა გამოიხატოს.
მათ თავისი აზრის სასარგებლოდ არავითარი ლოგიკური არგუმენტები არ მოჰყავთ. ისინი არაფრით არ ასაბუთებენ, რატომაა გამართლებული სწორედ ეს მიდგომა სწორი და არა სხვა.
ძირითადი არგუმენტია პათეტიკური ფრაზები: „ჩვენი ღრმა რწმენით“, „ჩვენი შეხედულებით“ ან სულაც „ჩვენი პრინციპების ერთგულებიდან გამომდინარე“ (ერთხელ ნიცშემ იხუმრა, რა უცნაური რამ არის ეს „ჩვენი პრინციპების ერთგულება“ ისეთი, რომ ჰომოსექსუალისტებსაც არგუმენტად მოაქვთო).
არავითარი ლოგიკა, არავითარი აკადემიური ანალიზი იმისა, რაც ხდება. საკმარისი ყოფილა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების დარიგება, ამომრჩეველთა ზუსტი სიის შედგენა, და რაც მთავარია 2012 წლამდე ლოდინი და იბერია გაბრწყინდება.
არ გამოვრიცხავ, რომ ამ ბოდვისა ოპოზიციის ნაწილს მართლაც სჯერა. ისევე როგორც ხელისუფლების მომხრეებს სჯერათ, რომ საქართველოს სააკაშვილის გარეშე დაიღუპება.
ოპოზიციის ბატისტვინობის ერთ-ერთი ნიმუშს წარმოადგენს ის, რომ მისთვის არ არსებობს არავითარი აკადემიური, მეცნიერული შესწავლა იმ პროცესებისა, რომელთაც საქართველოში აქვთ ადგილი (კინკილა სოციოლოგიური გამოკვლევები მხედველობაში არ მიიღება).
ჩვენს მედია და აკადემიურ სივრცეში ვერ შეხვდები ვერანაირ ანალიზს იმისა, თუ რას წარმოადგენს სააკაშვილის რეჟიმი. მაქსიმუმ არაფრისთმთქელ მითითებას, რომ ეს არ არის კლასიკური დემოკრატია და რომ ეს არც კლასიკური დიქტატურაა.
მეტისმიტად მჭლე საფუძველია იმისათვის, რომ მასზე ოპოზიციის მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა ააგო. არადა რეჟიმის ხასიათის განსაზღვრის გარეშე, ყოველგვარი საუბარი საარჩევნო გარემოს შეცვლის შესაძლებლობის შესახებ ყავის ჭიქაზე მკითხაობას, ან ლელა კაკულიების ხილვებს ჰგავს (როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის შემთხვევაში ეს მომავლის პროგნოზირების ერთადერთი მეთოდია, ამიტომაც გვაქვს საქმე ასე კარგად).
პოლიტიკური პროცესების განვითარების შესაძლო გზების შესახებ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჯერ უნდა ვუპასუხოთ კითხვას სააკაშვილის პოლიტიკური რეჟიმის ხასიათისა და თავისებურებების შესახებ. პრინციპში ეს რეჟიმი არ შეიცავს არავითარ ისეთს, რაც არ იყოს ცნობილი პოლიტიკური მეცნიერებებიდან.
ეს რეჟიმი რომ ავტორიტარულია, და ახასიათების ავტორიტარული დიქტატურისადმი ძლიერი მიდრეკილება, ეჭვსგარეშეა. ამას ადასტურებს შემდეგი მომენტები:
– ქვეყანაში არ ხორციელდება ხელისუფლების დანაწევრება დასავლური გაგებით. საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატს წარმოადგენს;
– გადაწყვეტილებას იღებს ადამიანთა ვიწრო ჯგუფი, მათ შორის, კონსტიტუციურად არაუფლებამოსილი პირები. სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას ქვეყნის მეორე და მესამე პირებს, ანუ პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს არავინ არაფერს ეკითხება;
პოლიტიკური მეცნიერებების ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ ასეთ ავტორიტარულ - დიქტატორული ტიპის რეჟიმს ახასიათებს სხვა არსებითი ნიშნებიც:
– ხელისუფლების და სახელმწიფო ინსტიტუტების გაიგივება და გატოლება, განცხადება, რომ ხელისუფლების კრიტიკა არის ამავე დროს სახელმწიფოს კრიტიკაც. ხოლო ხელისუფლის კრიტიკა, ამავე დროს საღდება, როგორც სახელმწიფოს კრიტიკა. ეს მოსაზრებები ხელისუფლების მიერ კონტოლირებადი მედია-საშუალებების მიერ გამუდმებით ინერგება მოსახლეობის ცნობიერებაში;
– მედიაში მკვიდრდება ბელადიზმის პრინციპი. ახლა ტელევიზორში მარტო სააკაშვილის ბელადიზმი კი არ მკვიდრდება, არამედ მცირე ბელადების კულტიც. მაგალითისათვის კობა სუბელიანის სახელის მინიჭება ერთ-ერთი სკოლისთვის;
– ადგილობრივი თვითმართველობის სრული არარასებობა. ადგილების მართვა აღმასრულებელი რგოლების აბსოლუტური დომინირებით. წარმომადგენლობით ორგანოების ქცევა აღმასრულებელი „ვერტიკალის“ დანამატად;
– პარტიული (ნაციონალურრი) და სახელმწიფო აპარატის შერწყმა. საბავშვო ბაღების დირექტორებიც „ნაციონალების“ წევრობის პრინციპით ინიშნებიან;
– ეკონომიკის მართვა სხვადასხვა კლანების მიერ. ქონების გამუდმებით გადანაწილები კლანური მეთოდებით (ბოლო მაგალითი „თბილავიამშენი“); თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების იგნორირება და ჩანაცვლება ადმინისტრაციული ბერკეტებით;
– კადრების დაწინაურება არა კომპეტენტურობის, არამედ პირადი ერთგულების ნიშნით;
- მონოპოლია მასობრივი ინფორმაციის ყველაზე გავრცელებულ საშუალებეზე;
- შიდა და გარე მტრის ხატის გაუთავებელი პროპაგანდირება;
აი ეს არის საქართველოში არსებული პოლიტიკური სისტემის ძირითადი მახასიათებლები (ცხადია რამდენადაც ეს ერთ საგაზეთო პუბლიკაციაში შეიძლება იქნეს წარმოდგენილი).
მართვის ამგვარი სისტემის არსებობა ხელისუფლების მომხრენიც კი არ უარყოფენ. უბრალოდ ისინი ამ სისტემას ამართლებენ იმით, რომ მტერი ორმოც კილომეტრში დგას და რომ ჩვენი სისტემა მთლად ისე დიქტატორული არ არის, როგორიც მეზობლებისა. ამ მტკიცებას „ფარჩაკი“ ექსპერტების სინდისზე ვტოვებ.
ახლა უფრო სხვა რამე მაინტერესებს. „გარემოსგამაუმჯობესებლები“ გაუთავებლად ლაპარაკობენ იმაზე, რომ დასავლეთის დახმარებით მოხდება ამომრჩეველთა ზუსტი აღნუსხვა, გაიცემა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, დაიდგმება ვიდეოთვალები, გაუმჯობესდება საარჩევნო კოდექსი და ა.შ.
მე მათ სერიოზულად ვეკითხები, რა აზრი აქვს ამ გაუმჯობესებებს, თუ სისტემის ყველა ზემოთჩამოთვლილი მახასიათებელი და სტრუქტურა ძალაში დარჩა? რაც არ უნდა ზუსტად აღრიცხოთ მოსახლეობა, როგორც არ უნდა ზუსტად შეადგინოთ დოკუმენტები, რეჟიმის ხასიათის შეუცველად ერთი შედეგს მიიღებთ - თქვენს მარცხს.
თქვენი მარცხი მე არ მაღელვებს, სხვა რომ არა იყოს რა გამარჯვების არავითარ სურვილს ვერ გატყობთ. მე ის მაწუხებს, რომ ხალხის ნაწილს მაინც მიათრევთ წინასწარ წაგებულ გზაზე. რითაც ღირსეულად აგრძელებთ ჩვენი ბატისტვინა ოპოზიციის მიერ ბოლო წლებში ჩადენილ მოქმედებებს.
სერიოზულად გჯერად ბატონებო, რომ ეს რეჟიმი არჩევნებით შეიცვლება მანამ, სანამ არ განხორციელდება ხელისუფლებების დანაწევრების დასავლური მოდელი?
სერიოზულად გჯერათ ბატონებო, რომ ეს რეჟიმი არჩევნებით შეიცვლება მანამ, სანამ სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს აბსოლუტურად უკანონოდ იღებენ არაუფლებამოსილი პირები?
სერიოზულად გჯერად ბატონებო, რომ ეს რეჟიმი არჩევნებით შეიცვლება მანამ, სანამ ხელისუფლება და სახელმწიფო ერთმანეთთან არის გაიგივებული?
სერიოზულად გჯერად ბატონებო, რომ ეს რეჟიმი არჩევნებით შეიცვლება მანამ, სანამ ხელისუფლების ერთგული, საერთოეროვნული სივრცის მომცველი მედია ამკვიდრებს სხვადასხვა დონის ფიურერიზმის პრინციპებს?
სერიოზულად გჯერად ბატონებო, რომ ეს რეჟიმი არჩევნებით შეიცვლება მანამ, სანამ ადგილობრივი თვითმართველობა უბრალო დანამატია აღმასრულებელი ხელისუფლებისა?
სერიოზულად გჯერათ ბატონებო, რომ ეს რეჟიმი არჩევნებით შეიცვლება მანამ, სანამ შერწყმულია პარტიული და სახელმწიფო აპარატი?
სერიოზულად გჯერად ბატონებო, რომ ეს რეჟიმი არჩევნებით შეიცვლება მანამ, სანამ ეკონომიკა სახელისუფლო კლანების მიერ იმართება?
სერიოზულად გჯერათ ბატონებო, რომ ეს რეჟიმი არჩევნებით შეიცვლება მანამ, სანამ კადრების დაწინაურება ხდება არა კომპეტენტურობის, არამედ პირადი ერთგულების პრინციპით.
სერიოზულად გჯერად ბატონებო, რომ ეს რეჟიმი შეიცვლება მანამ, სანამ მას მონოპოლიზებული აქვს სრული ადმინისტრაციული კონტროლი და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მაუწყებელი ტელეკადრები?
სერიოზულად გჯერად ბატონებო, რომ ეს რეჟიმი შეიცვლება მანამ, სანამ გაუთავებლად ქმნის გარე და შიდა მტრის ხატს?
თუ ყოველივე ამის შესაძლებლობა სერიოზულად გჯერათ, მაშინ სრული უფლება გვაქვს, დავასკვნათ, რომ მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების მოქმედება არ უნდა გახდეს ისეთი საინტერესო მეცნიერების შესწავლის ობიექტი, როგორიც ფსიქიატრიაა.
ოპოზიციის ხსენებული „დაჯერებები“ და მტკიცებებიც ავლიპი ზურაბიშვილის მემკვიდრეთა გამომწვლილვითი ანალიზის საგანი უნდა გახდეს.
ორიდან ერთია: ან ოპოზიციას თავად არ სჯერა რასაც გვიმტკიცებს. სხვაგვარად ელემენტარულად და უსინდისოდ გვატყუებს.
ან ოპოზიციას სჯერა, რომ ამ არსებული რეჟიმის ხასიათის შენარჩუნების პირობებში შესაძლებელია საარჩენო გარემოს გაუმჯობესებით (ამომრჩეველთა უკეთესი აღრიცხვით და ვიდეოთვალების დაყენებით) ამ რეჟიმის დამარცხება. ამ შემთხვევაში ოპოზიცია ბატისტვინაც აღარაა, ჭუკისტვინაა.
მაგრამ იქნებ ვცდები. მაშინ „გამაჯანსაღებლებმა“ უნდა მოიყვანონ კონკრეტული არგუმენტები, რომელიც დაგვისაბუთებს რომ ასეთი პოლიტიკური სისტემის შენარჩუნების პირობებში, შესაძლებელია ამ რეჟიმის შეცვლა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით. „მე ასე ვთვლი“, „მე ასე მგონია“,“მე ღრმად ვარ დარწმუნებული“ არგუმენტი არ არის.
გასაგებია, რომ ჩვენი პოლიტიკოსები (ოპოზიციაცა და ხელისუფლებაც ერთნაირად უწიგნურია, მათ შორის პოლიტიკური მეცნიერებების სფეროში).
კარგით, არ გვიდნა არგუმენტები, ვინაიდან ჭუკისტვინობის გამო ასეთების წამოყენების უნარი არა გაქვთ.
უბრალოდ ერთი მაგალითი მაინც მოიყვანეთ, როდესაც ასეთი რეჟიმი გარედან ჩარევის და სტრუქტული დემონტაჟის გარეშე არჩევნების გზით წასულიყოს ხელისუფლებიდან.
მოგვიყვანეთ ასეთი მაგალითები, ვიდავოთ მათ შესახებ, ვიდავოთ იმაზე, რამდენად შეიძლება ამ მაგალითებს ჰქონდეთ ძალა საქართველოში. ეგებ დაგვარწმუნოთ! თუმცა ვეჭვობ. ამის ინტელექტუალური პოტენციალი ჭუკისტვინა ოპოზიციას არ გააჩნია.
პოლიტიკურ მეცნიერებაში ელემენტარულად ჩახედული ადამიანისათვის (ჩვენი პოლიტიკოსები, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან, მათ რიცხვში არ შედიან), ცხადია, რომ ამომრჩევლების აღნუსხვა, ვიდეოთვალების დაყენება, ან ბრძნული სახით უბნობა არ არის გზა, რომელსაც საქართველო ავტორიტარიზმის დასრულებისკენ მიჰყავს.
ჭუკისტვინები ურემს ცხენის წინ აყენებენ. ელემენტარული ცოდნაც და ისტორიული გამოცდილებაც ადასტურებს, რომ აპრიორი შეუძლებელია, ჩვენს მიერ აღწერილი სტრუქტურების მქონე რეჟიმის პირობებში, სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.
სტრუქტურების დემონტაჟი წინ უნდა უსწრებდეს თავისუფალ არჩევნებს (როგორც ამას 1990 წელს გამსახურდიამ მიაღწია). პირუკუ, გამომდინარე პოლიტიკური მეცნიერების პრონციპებიდან გამორიცხულია.
ასე რომ, ოპოზიციის პრიორიტეტი გარემოგამაუმჯობესებელი (ერთი სიტყვაა!) დიზაინერობით კი არ უნდა ამოიწურებოდეს, არამედ ნათელი და პრინციპული გეგმით, როგორ მოხდეს ავტორიტარულ - დიქტატორული სტრუქტურების დემონტაჟი.
ვშიშობ, ჩვენი ჭუკისტვინებისთვის ეს ინტელექტუალურად დაუძლეველი ამოცანაა და ჩვენ კარგა ხანს მოგვიწერვს მახინჯ ავტორიტარიზმში ცხოვრება.
P.S.. გარემოსგამაუმჯობესებელ ჭუკისტვინათა მიმართ ნათქვამი სრულიადაც არ ნიშნავს, თითქოს ოპოზიციის მეორე ჯგუფის, „კრებისმომწვევთა“ პოზიცია თავისთავად მართალი იყოს. ისინიც ვალდებულნი არიან საზოგადოებას წარუდგინონ ნათელი, არგუმენტირებული და აკადემიურ მიდგომაზე დაფუძნებული ხედვა იმისა, როგორი წარმოუდგენიათ მათ, არა მხოლოდ რეჟიმის დემონტაჟი, არამედ სააკაშვილის შემდგომი საქართველოს მომავალი. თუმცა ეს სხვა წერილის თემაა.