სჯობს, ევროპულ ქვეყნებთან ლიბერალური ვიზები არ გვქონდეს, - ეს განცხადება ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე საუბრისას, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დეკანოზმა დავით ისაკაძემ გააკეთა.
საკომიტეტო განხილვაში პარლამენტის წევრებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წარმომადგენლები მონაწილეობენ. პარლამენტში იმყოფებიან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ჯონდი ბაღათურია და დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში მათი მთავარი კრიტიკის საგანია ის, რომ იმ ნიშნებს შორის, რომელთა საფუძველზეც ადამიანის დისკრიმინაცია იკრძალება, დასახელებულია სექსუალური ორიენტაცია.
დეკანოზმა დავით ისაკაძემ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს "ანტიკონსტიტუციური" უწოდა, რადგან "სექსუალური ორიენტაცია" - როგორც ტერმინი, არც ერთი კანონსა და კონსტიტუციაში აღიარებული არ არის, ხოლო ანტიდისკრიმინაციული კანონით, ის როგორც ნორმა, შემოდის.
"ამ კანონი მიღებას შეიძლება ძალიან დიდი დაპირისპირება მოჰყვეს. თუ ეს ევროკავშირის მოთხოვნაა, რათა ჩვენ ევროპულ ქვეყნებთან ლიბერალური ვიზები გვქონდეს, მაშინ სჯობს არ გვქონდეს, ვიდრე ამან ადამიანთა შორის დაპირისპირება გამოიწვიოს და ისეთი გადახრები, როგორიც არის: მამათმავლობა, დედათმავლობა, პედოფილია, ინცესტი, ერთსქესიანთა ქორწინება ნორმად ვაქციოთ", – განაცხადა დავით ისაკაძემ კომიტეტის სხდომაზე.
"მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" ხელმძღვანელის ავთანდილ უნგიაძის თქმით კი, სექსუალური ორიენტაცია ეკლესიისთვის არის ზნეობრივი კატეგორია, ეკლესია განსხვავებულ სექსუალური ორიენტაციას ცოდვად მიიჩნევს, ხოლო პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ცოდვას აქცევს ნორმად.
"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" – ასე ეწოდება კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც პირდაპირ იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია.
"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები ცვლილებებს იწვევს "სამოქალაქო საპროცესო კოდექსში", "სისხლის სამართლის კოდექსში", "გენდერული თანასწორობის შესახებ" კანონსა და "სახალხო დამცველის შესახებ" კანონში.
კანონპროექტი კრძალავს დისკრიმინაციას როგორ საჯარო, ასევე კერძო სფეროში.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი განახორციელებს. პროექტის მიხედვით, სახალხო დამცველი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის და თანასწორობის შესახებ სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს.