„საუბარი არ არის მორევაზე, აქ საუბარია რუსეთის შეკავებაზე“

„საუბარი არ არის მორევაზე, აქ საუბარია რუსეთის შეკავებაზე“

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველომაც და რეგიონის სხვა ქვეყნებმაც თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე უნდა იზრუნონ.

ირაკლი ალასანიას განმარტებით, ის, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება, რუსეთის ფედერაციის მიერ არის ინსპირირებული. თუმცა სამართალი მაინც გაიმარჯვებს, დროთა განმავლობაში საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით ამ ძალზე რთული ვითარებიდან უკრაინა მაინც გამოვა და ქვეყანაში კრიზისი დაიძლევა.

საინტერესოა, რატომ გახდა საჭირო თავდაცვისუნარიანობის ამაღლების შესახებ საუბარი, რა საფრთხეს ხედავენ ექსპერტები და რას ნიშნავს თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა, როცა რუსეთსა და საქართველოს შორის ძალები მაინც არათანაბარია?!

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ 700 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი ჩვენი სამხედრო ბიუჯეტისთვის და ომის შემთხვევაში, გარკვეული ოპერაციებისთვის კიდევ გამოიყოფა დამატებითი თანხები. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ კარგი იქნება, თუ დამატებით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შევიძენთ, რასაც ასი მილიონი ლარის ფარგლებში დამატებითი ხარჯები დასჭირდება. ასევე, გვესაჭიროება გარკვეული ტანკსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემები, რაც დაახლოებით სამჯერ უფრო ნაკლები (30-35 მილიონი ლარის ფარგლებში) დაჯდება, თუმცა არსებულითაც შეიძლება ეფექტური თავდაცვის უზრუნველყოფა. უბრალოდ, ამას სჭირდება ვარჯიშები და წვრთვნები.

ექსპერტი ფიქრობს, რომ შეიარაღებული ძალები, რომლებიც აქტიურად შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა, 300 ათასს არ სცილდება. აქედან, უკრაინის მიმართულებით კონცენტრაცია არ აღემატება 100 ათასს, ესეც ძალზე გაბერილი ციფრია. რეალურად, ყირიმში განთავსებული მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურა 25 ათასი კაცისგან შედგება. შესაბამისად, საქართველოს მიმართულებაზე რუსეთს შეუძლია გამოყოს, დაახლოებით, 40-60 ათასამდე კონტინგენტი. 40-60 ათასის წინააღმდეგ კი ომის წარმოება წარმატებით შეიძლება სამჯერ უფრო ნაკლები ძალებითაც, რასაც ძველი კლასიკური თეორია, კლასიკური ომები და გაშლილ ველზე თავდაცვითი ომები ადასტურებს.

„ამ ციფრებიდან გამომდინარე, თუ საქართველოს ეყოლება 20-25-ათასიანი საბრძოლო კონტინგენტი, მას შეუძლია, წარმატებით მოიგერიოს რუსეთის აგრესია, ხოლო მთიანი რელიეფის პირობებში კიდევ უფრო ადვილია რუსების წინააღმდეგ მოქმედება. გვაქვს გარკვეული ხარვეზი, რადგან რუსეთს აქვს პლაცდარმი ცხინვალის რეგიონში, მაგრამ ეს პლაცდარმიც მოწყვლადია და კარგი დაგეგმარების შემთხვევაში, ამ პრობლემის მოგვარებაც შეიძლება. ფაქტობრივად, დეკლარირებული რიცხოვნობისა და დაფინანსების ფარგლებში, ასევე, დღეს არსებული შეიარაღებით, საქართველოს შეუძლია წარმატებით, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში - ექვსი თვიდან ერთ წლამდე წარმატებით განახორციელოს შემაკავებელი საბრძოლო ოპერაციები რუსეთის წინააღმდეგ. თუ ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვერ მივიღებთ დასავლეთის დახმარებას, რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთთან წარმატების შანსი არ გვაქვს. ჩვენი რესურსი ამოწურვადია“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე და ფიქრობს, რომ თავდაცვის სამინისტრომ საზოგადოებას უნდა აუხსნას, რას და როგორ გეგმავს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს კონკრეტულ ოპერაციებზე საუბარს.

მისივე თქმით, მართალია, რუსეთიდან ხიფათი არსებობს, მაგრამ პროცესი შეუქცევადი სულაც არ არის. ეს დამოკიდებული არაა ნატოსა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, არამედ ეს დამოკიდებულია, თუ რა ფაზაში შევა დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება, უკრაინისა და რუსეთის ბრძოლა. კერძოდ, გიორგი თავდგირიძის აზრით, რუსეთ-უკრაინის პირდაპირი ომი და შემდგომ უკვე პირდაპირი სამხედრო შეჯახება დასავლეთსა და რუსეთს შორის არ მოხდება, მაგრამ, თუ ეს შეჯახება რაიმე ფორმით გარდაუვალი იქნა, რუსები ყოველგვარი მოსამზადებელი ღონისძიებების გარეშე შეეცდებიან საქართველოს დაკავებას.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებით საქართველოს გაცხადებული აქვს საკუთარი მიზნები სტრატეგიულ დოკუმენტებში. პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, უნდა მოვახერხოთ მტრის შეკავება იქამდე, სანამ საერთაშორისო საზოგადოება მოახდენს აქტიურ ჩარევას. შესაბამისად, აქ საუბარი არ არის რუსეთის მორევაზე, აქ საუბარია რუსეთის შეკავებაზე. ეს ვადა გათვლილია დაახლოებით ორკვირიან პერიოდზე.

ექსპერტის თქმით, უკრაინის მაგალითმა აჩვენა, რომ ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალები აბსოლუტურად მოუმზადებელნი შეხვდნენ ვითარებას, იყო საკმაოდ დიდი კორუფცია ჯარში. ამიტომ აუცილებელია, სახელმწიფომ გააკეთოს მეტი აქცენტი შეიარაღებული ძალების მზაობაზე.

„შეიარაღებულ ძალებში ნაკლოვანებებსა და ხარვეზზე თავად თავდაცვის მინისტრი და სხვა პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები აცხადებენ. კერძოდ, საქართველოს პრობლემები აქვს საჰაერო თავდაცვის კუთხით. ყურადღება გასამახვილებელია სამოქალაქო თავდაცვის საკითხზეც. რუსეთი ღიად ახორციელებს სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, შელახულია საერთაშორისო სამართალი. უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე გამორიცხული არაფერია. შესაძლოა, რუსეთს საქართველოსთანაც სამხედრო აგრესიის განმეორების მიზნები ჰქონდეს. საერთაშორისო საზოგადოების ჩარევამდე ქვეყანა ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყოს“, -აცხადებს თეონა აქუბარდია.