შალვა პაპუაშვილი: ასეთი რა გახდა რამდენიმე ადამიანის შეკრება და ჩამოყვანა საქართველოში?

შალვა პაპუაშვილი: ასეთი რა გახდა რამდენიმე ადამიანის შეკრება და ჩამოყვანა საქართველოში?

საქართველოს მაგალითზე ვიცით, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთი თვით ადრე მიიღეს მოსაწვევი, ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ არჩევნებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დროის სიმცირის საბაბით ეუთო/ოდირის უარზე, მიავლინოს მისია საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად.

პაპუაშვილის შეფასებით, ეუთო/ოდირის ეს პასუხი ფარისევლობის მაგალითია.

ვნახეთ წერილი, ეს ხომ დოკუმენტია, თარიღებს ხომ ვერ გაექცევიან, თუ არ ვცდები, 2 სექტემბერს მიიწვიეს და 3 ოქტომბერს არის არჩევნები [ჩეხეთში]. ჩვენგან 5 სექტემბერს გაიგზავნა მოსაწვევი 4 ოქტომბერს ჩასატარებელ არჩევნებთან დაკავშირებით. ერთი თვე გვაქვს ჩვენ საარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის და ამას ვახერხებთ, რომ საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ ერთ თვეში. რეალურად, სექტემბერია, როდესაც ჩვენ და ოპონენტები საარჩევნო კამპანიას ვეწევით. ასეთი რა გახდა რამდენიმე ადამიანის შეკრება და ჩამოყვანა საქართველოში? ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს არის რეალური მიზეზი. მათ შორის, საქართველოს მაგალითზე ვიცით, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთი თვით ადრე მიიღეს მოსაწვევი, ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ არჩევნებს. ასე რომ, აქ პირდაპირ თეთრი ძაფით ნაკერია ის საბაბები, რომლებიც ჩვენ გვესმის ეუთო/ოდირისგან. ესეც ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაიმახსოვროს ამ მხრივ, თუ როგორ ხდება ხოლმე შეფასებები.

მათ გასაგონად ვამბობ, ვინც ახლა წუწუნებს, მათ შორის უცხოელები, რომ ორიდი ვერ დააკვირდება [არჩევნებს] – 2024 რომ დააკვირდა, რა ხეირი? - [მისიამ] პირდაპირ შავით თეთრზე დაწერილი დასკვნა დაუდო და ვისაც დაწერილი არ გესმითო, მისიის ხელმძღვანელი გამოვიდა და ზეპირადაც თქვა მაშინ და სულ ახლახან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. წერტილი. აქედან გამომდინარე, რა ხეირი ჰქონდა ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენლობას, რომელიც ასე ნელ-თბილად ეპყრობა საქართველოს ხელისუფლებას?”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

4 ოქტომბრის არჩევნებზე დასასწრებად, საქართველოს ხელისუფლებამ, ეუთო/ოდირს წერილი 6 სექტემბერს გაუგზავნა, ოფიციალურმა პრაღამ კი 2 სექტემბერს. 9 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ დროის სიმცირის გამო, ეუთო/ოდირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე უარი განაცხადა. ჩეხეთში არჩევნები 3 ოქტომბერს არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, ისიც, რომ 2007 წელს სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისია მოწვევიდან სწორედ 1 თვეში ჩამოვიდა.