არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ საქართველო ჩაითრიონ ჩინეთსა და ამერიკას შორის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში და ამ ორ დიდ სახელმწიფოს შორის საჯილდაო ქვად აქციონ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ჰელსინკის კომისიის მოსმენას ვაშინგტონში, სადაც საქართველოს წინააღმდეგ მოწმეები სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი არიან.
„არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ საქართველო ჩაითრიონ ჩინეთსა და ამერიკას შორის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში და ამ ორ დიდ სახელმწიფოს შორის საჯილდაო ქვად აქციონ. მაშინ, როდესაც აშშ-ი თავად ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად აცხადებს ჩინეთთან ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ამ დროს ეს ადამიანები ცდილობენ საქართველოს მცირე, მაგრამ მაინც, სავაჭრო ურთიერთობები გამოაცხადონ დიდ გეოპოლიტიკურ პრობლემად. ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული მცდელობა, რომ შიგნით აქ - ჩვენთან შექმნან პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ რაღაცნაირად გაამართლონ რადიკალური ქმედებები“, - აღნიშნა მახაშვილმა.
ჰელსინკის კომისია აღარ მალავს და ცნობილია, რომ საქართველოში მათთვის მთავარი პრობლემა ჩინური ინვესტიციებია. დღეს ვაშინგტონში მოსმენა გაიმართება. საქართველოს წინააღმდეგ მოწმეები კი, სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი არიან. ჯო უილსონი და მისი მოკავშირეები წერენ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინსტიტუტები დაასუსტა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით.