თბილისის მერის, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, მისთვის ძალიან საამაყოა, რომ დედაქალაქის საჯარო საბავშვო ბაღებში იქნება ისეთი ინფრასტრუქტურა და გარემო, რომელიც შეიძლება ბევრ ევროპულ, წარმატებულ ქვეყანას არ ჰქონდეს.
ამის შესახებ მერმა ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„2012 წელს, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, მახსოვს, მშობელს ბავშვი რომ მიეყვანა საჯარო საბავშვო ბაღში, მას ჰქონდა ყოველთვიური გადასახადი, რაც უმძიმესი ტვირთი იყო ოჯახებისთვის. საარჩევნო კამპანიის დროს, უამრავი ადამიანი შეგხვდა, რომელსაც ელემენტარული შესაძლებლობა არ ჰქონდა ბავშვის ბაღში მისაყვანად. იმ რეფორმის ფარგლებში, რომელიც განვახორციელეთ, ბაღები გავხადეთ უფასო. დღეს შემიძლია დავიტრაბახო, რომ თბილისში ვქმნით ისეთ ინფრასტრუქტურას ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობებისთვის, რომელიც შეიძლება ბევრ ევროპულ, წარმატებულ ქვეყანას არ ჰქონდეს. ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, დაწყებული სათამაშოებიდან, თეთრეულით დამთავრებული - ყველაფერი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სერტიფიკატებს. გულწრფელად ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა იქმნება ჩვენი პატარებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება საჯარო საბავშვო ბაღებში დაგეგმილ ღონისძიებებს, როგორც პრეზენტაციაზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, თბილისის მერია, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 10 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟს და ახლის მშენებლობას გეგმავს. გარდა ამისა, ბენდელიანის ინფორმაციით, ახალი ბაღები აშენდება ლილოს დასახლებასა და ივერთუბანში.
„თბილისის მერიის მართვაშია 190 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც რეგისტრირებულია 60,000აღსაზრდელი და დასაქმებულია 13 500-მდე თანამშრომელი. დაგეგმილია, ჯამში, 3 795 აღსაზრდელზე გათვლილი 10 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა. ასევე, დაგეგმილია 400 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა ლილოს დასახლებაში; ივერთუბანში აშენდება და გაიხსნება ახალი ბაღი, რომელიც მოემსახურება ჯამში 200 აღსაზრდელს", - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, საბავშვო ბაღის 10 შენობას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია და მოემსახურება 3 410 აღსაზრდელს.
გარდა ამისა, როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო უწყვეტად გააგრძელებს ბავშვთა უსაფრთხოებისა და ოპერირების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.
„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სურსათის უვნებლობისა და კვების უსაფრთხოების მაღალი საერთაშორისო სტანდარტის - HACCP-ის მიმართულებით. გარდა ამისა, ვახორციელებთ ვიდეოსამეთვალყურეო და ხანძარსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემების მონტაჟს; ყველა ახალ ბაღში დაგეგმილი გვაქვს ლიფტების მოწყობა შშმ პირთათვის", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.