"ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა მაშინაც, როდესაც გიორგი გახარიამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის შესახებ"

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის წარდგენა მიმდინარეობს, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „როგორც საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა 2019 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ სოფ. ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად.“

მისივე თქმით, ჩორჩანის საგუშაგოს აღმართვის საკითხზე საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი ფაქტები ერთობლიობაში აჩენს არაერთ ლეგიტიმურ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა კვლავაც ადგილი საქართველოში ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას, როგორც ეს მოხდა 2008 წელს, და რა როლს ასრულებდა მოვლენების განვითარებაში თავად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე.

„ მოგვიანებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა - გიორგი კანდელაკმა, დავით დარჩიაშვილმა, გიორგი (გოკა) გაბაშვილმა და ჩიორა თაქთაქიშვილმა, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ - გიორგი თარგამაძემ ხმა მისცეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1633 რეზოლუციას, რითაც 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით „ცხინვალის დაბომბვა“ აღიარეს და საკუთარი ქვეყნის ჯარი ომის შესაძლო დანაშაულის ჩადენაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს.

როგორც საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა 2019 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ სოფ. ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად. ჩორჩანის საგუშაგოს აღმართვის საკითხზე საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი ფაქტები ერთობლიობაში აჩენს არაერთ ლეგიტიმურ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა კვლავაც ადგილი საქართველოში ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას, როგორც ეს მოხდა 2008 წელს, და რა როლს ასრულებდა მოვლენების განვითარებაში თავად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც, 2019 წლის ივლისამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და არაერთი წლის მანძილზე ასრულებდა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მთავარი მომლაპარაკებლის ფუნქციას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე. ყურადღებას საჭიროებს, ასევე, დავით ქაცარავას („ანტისაოკუპაციო მოძრაობა - ძალა ერთობაშია“) როლიც, რომლის საქმიანობასაც, მოცემულ გეოგრაფიულ არეალში არაერთი პროვოკაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირების ინციდენტები უკავშირდება (სოფ. ჩორჩანა, ატოცი, აბანო).“ - განაცხადა წულუკიანმა.