ჩვენ მოვითხოვთ, რომ ახლა ხელახლა ჩატარდეს პლებისციტი არჩევნებთან ერთად და დავადგინოთ, რეალურად რამდენს უნდა ევროკავშირი, ნატო და რამდენს არ უნდა. მით უმეტეს, რომ ევროკავშირის კვლევების შედეგად, 18%-ით შემცირდა ევროკავშირის მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა.
კითხვაზე, თუ რატომ მიიღეს მათ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება, შატბერაშვილმა აღნიშნა, რომ პარტია „მემარცხენე ალიანსს“ „პოლიტიკისთვის თავი არ დაუნებებია“.
„უბრალოდ, ახლა აქტიურად ვბრუნდებით პოლიტიკაში, ვაქტიურდებით და ამის განმაპირობებელი არის ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ხელისუფლება მუდმივად იმეორებს ერთი და იმავეს, რომ ჩვენ ღირსებით, 2030 წელს შევალთ ევროკავშირში - „ღირსებით ევროკავშირში“ და რომელ ევროკავშირში შევდივართ ღირსებით, რომელიც ახლა გვაიძულებს, გავაუქმოთ ოჯახური სიწმინდის კანონი?! თუნდაც, გამჭვირვალობის კანონი?! ეს არის სიწმინდით ევროპაში?! საერთოდ, ხელისუფლების უზარმაზარი, მიუტევებელი შეცდომა იყო, როდესაც კონსტიტუციის ახალ ვერსიაში ჩაწერა დასავლური კურსი, ევროინტეგრაცია, ნატოში გაწევრიანება, რადგან შესაძლებელია 2030 წლისთვის ევროკავშირი საერთოდ დაიშალოს და მაშინ ჩვენ მოგვიწევს კონსტიტუციის ცვლილება. კონსტიტუცია ასეთი ხელწამოსაკრავი არ არის, რომ შეცვალო და შემოცვალო“, - განაცხადა შატბერაშვილმა.
მისივე თქმით, საჭიროა, გაირკვეს, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს ქვეყნის დასავლურ კურსს. კერძოდ, შატბერაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა, საქართველოში ჩატარდეს ხელახალი პლებისციტი, რადგან წინა ჩატარდა 2008 წელს, მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ტოტალურად გააყალბა არჩევნები. შატბერაშვილმა გამოთქვა ეჭვი, რომ არჩევნებთან ერთად გაყალბდა აღნიშნული პლებისციტის შედეგებიც.
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ ახლა ხელახლა ჩატარდეს პლებისციტი არჩევნებთან ერთად და დავადგინოთ, რეალურად რამდენს უნდა ევროკავშირი, ნატო და რამდენს არ უნდა. მით უმეტეს, რომ ევროკავშირის კვლევების შედეგად, 18%-ით შემცირდა ევროკავშირის მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში. ანუ, ისინი რომ ამას დაწერენ, ხომ წარმოგიდგენიათ, სინამდვილეში რამდენად არის ეს შემცირებული.
შემცირებულია რის შემდეგ? მას შემდეგ, რაც ადამიანის მკვლელებს, პოლიციელების ცოცხლად დამწველებს, რომლებიც ხელისუფლებამ მისცა პასუხისგებაში და დააპატიმრა, ჩამოდიან ევრომაღალჩინოსნები და უხდიან ფულს! კრიმინალებს უხდიან ფულს, რომ გამოვიდნენ გარეთ. მოითხოვენ, კრიმინალი სააკაშვილის განთავისუფლებას, ან საპატიმროდან სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას და დიდი ხანია, სააკაშვილი ნებივრობს სამკურნალო დაწესებულებაში. ის ციხეში სულ რამდენიმე კვირა იჯდა. სინამდვილეში სანატორიუმში იმყოფება. ასეთი დამოკიდებულების შემდეგ, ასეთი დისკრიმინაციული და ზემოდან მაყურებელი პოლიტიკის შედეგად დაკარგა ევროკავშირმა ის მხარდაჭერაც კი, ჩვენი აზრით, რაც ჰქონდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჭიროა პლებისციტი“, - განაცხადა შატბერაშვილმა.