სააპელაციო სტადიაზე საქმის განხილვის ანალიზის დროს, პირველ რიგში, საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მისი ზოგიერთი პოზიციის დიამეტრულ ცვლილებაზე (იმასთან შედარებით, რაც მას გააჩნდა გამოძიებისა და საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის ეტაპზე), რითიც იგი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდა საკუთარ თავთან, - ვკითხულობთ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წიქვაძის განცხადებით, სააპელაციო განხილვის ეტაპზე, გიორგი ბაჩიაშვილი, ფაქტობრივად, წინააღმდეგობაში მოვიდა იმ არსებით პოზიციასთან, რომელსაც დაცვის მხარე ეყრდნობოდა, შესაბამისად, ამ ვითარებაში, ადვოკატი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ნებისმიერი განმატება თუ პოზიცია სიცრუეს წარმოადგენს.
„ბაჩიაშვილის მთავარ არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ თითქოსდა მის მიერ ბიტკოინების მაინინგის დაფინანსების მიზნით მიღებული კრედიტის დაფარვის შემდგომ, მან ბანკის ადმინისტრატორს ნაღდი ფულის სახით დამატებით გადასცა ის სარგებელი/ინტერესი, რაც მასთან შეათანხმა კრედიტის გაცემის დროს. აღნიშნულს ასაბუთებდა მის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი ე.წ კალკულაციით (რომელშიც დეტალურად განმარტავდა თანხების დაანგარიშების წესსა და შესაბამისად, ოდენობას) და ასევე, მის მიერ წარმოდგენილ, არაავთენტურ აუდიო ჩანაწერზე მითითებით. მისი აზრით, დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერით დგინდებოდა, რომ დაზარალებული ბიძინა ივანიშვილი დაეთანხმა (საზოგადოებისათვის თვალსაჩინოდ განვმარტეთ და ცნობილია, რომ არავითარ თანხმობას დაზარალებულის მხრიდან არ მოიცავს აღნიშნული აუდიო ჩანაწერი) მას კრედიტის გაცემაზე ბანკისათვის გარკვეული სარგებლის გადაცემის სანაცვლოდ.
რეალურად, მის მიერ ბანკის მენეჯერისათვის გადაცემული თანხა, მენეჯერისთვის ფულადი სახსრების გადაცემისას, მან დააკვალიფიცირა, როგორც გარიგების დასრულების შემდგომ დარჩენილი მოგება, რომელიც ეკუთვნოდა დაზარალებულ ბიძინა ივანიშვილს. თითქოსდა, კრედიტის მომსახურების შემდგომ მეტი არაფერი დარჩა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის მიმართ დაიწყო გამოძიება, მან გადააკვალიფიცირა ეს თანხა, როგორც დამატებითი სარგებელი ბანკის მიერ კრედიტის გაცემის სანაცვლოდ. თუმცა, არც ეს არის მთავარი.
სააპელაციო განხილვის ეტაპზე ბაჩიაშვილის დაკითხვისას (რაც დაცვის მხარემ მოითხოვა), კითხვაზე, კრედიტის დაფარვის შემდგომ გადასცა თუ არა მან ვინმეს ნაღდი ფული, ჰქონდა თუ არა მას საუბარი ბანკის წარმომადგენელთან ბანკისათვის დამატებით სარგებელზე, მან უპასუხა რომ არა, მას არავისთან ჰქონია მსგავსი შეთანხმება და შესაბამისად, არც არავისთვის გადაუცია ნაღდი თანხა! მას შემდეგ კი, რაც მისთვის შეთავაზებულ იქნა მისივე წარდგენილი დოკუმენტების/კალკულაციის დამატებითი გამოკვლევა, მისი ჩვენებების/გამოკითხვის ოქმების ციტირება, კატეგორიული უარი განაცხადა როგორც დოკუმენტების გამოკვლევაზე, ასევე მის მიერ გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული ჩვენებებისა თუ განმარტებების ციტირებაზე. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივარში იგი მათ შორის ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც მას უარი ეთქვა მისი ჩვენებების გამოქვეყნებაზე.
სააპელაციო განხილვის ეტაპზე კი, ფაქტიურად უარყო როგორც სააპელაციო სარჩელის აღნიშნული მოთხოვნა, ასევე მანამდე მიცემული მისი შესაბამისი ჩვენებები თუ განმარტებები. აღნიშნული ქმედებით, იგი წინააღმდეგობაში მოვიდა საკუთარ თავთან, მის არსებით პოზიციასთან, რომელსაც ეყრდნობოდა დაცვა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.
ამ ვითარებაში ცხადია, რომ მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის ნებისმიერი განმარტება თუ პოზიცია სრულად მოკლებულია სანდოობას და წარმოადგენს სიცრუეს.“ - წერს თეიმურაზ წიქვაძე.