სამხრეთ კავკასია ევროპაც კი არაა. კავკასიონი არის ევროპასა და აზიას შორის საზღვარი. ამიტომ, ფრთხილად იყავით, რომ არ გახდეთ თამაშის მსხვერპლი, - ასე მიმართა ამერიკელმა პროფესორმა ჯეფრი საქსმა სამხრეთ კავკასიას. ის საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ურჩევს, ყურადღება ახლო სამეზობლოზე გადაიტანონ.
„მიაქციეთ ყურადღება თქვენს მეზობლებს - რუსეთს, თურქეთს, ირანს, საუდის არაბეთსა და სხვებს. ეს არის მნიშვნელოვანი თქვენთვის. ნუ იჯერებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, მით უმეტეს დონალდ ტრამპის დროს, დაგეხმარებათ თქვენს მეზობლებთან ბრძოლაში. კარგით რა. სერიოზულ პრობლემებში გაგხვევენ.
ბრიუსელის შესაძლებლობები ამ მხრივ გასაოცარია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ბრიუსელი აშშ-ის ვასალია. ბრიუსელი რეალურად ევროპული ინტერესების წარმომადგენელი არაა. ის არის აშშ-ს ინტერესების წარმომადგენელი. ამიტომ არის, რომ ნატო და ევროკომისია ერთად არიან იქ. ისინი თამაშობენ თამაშებს. სამხრეთ კავკასია ათწლეულების განმავლობაში სათამაშო მოედანია“, - განაცხადა საქსმა.
მან 2008 წელს, ნიუ-იორკში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაიხსენა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს აშშ-ის მარიონეტი უწოდა.
„2008 წელს ნიუ-იორკში, როგორც საგარეო ურთიერთობებში საბჭოს წევრი, საქართველოს მაშინდელი ლიდერის სააკაშვილის გამოსვლაზე დამპატიჟეს. სააკაშვილი აშშ-ის მარიონეტი იყო. ის ჯორჯ სოროსისგან იღებდა ფულს. აშშ-ის აბსოლუტურ მორჩილებაში იყო. წავედი ამ გამოსვლაზე.
სიმართლე გითხრათ, მეგონა გიჟი იყო. მან თქვა: „საქართველო არის ევროპის შუაგული“, „საქართველო იქნება ნატოს საკვანძო წევრი“, „საქართველო ევროპაშია“. ხალხმა ნიუ-იორკში აპლოდისმენტებით მიიღო, მე კი ოთახიდან გავედი, დავურეკე ჩემს ცოლს და, ვუთხარი: „ეს კაცი გიჟია. ქვეყანას დაკარგავს. ეს სიგიჟეა.“ რამდენიმე კვირაში კი ომი დაიწყო.
იცით, ეს ძალიან ნათელია. ნუ გახდებით თამაშის მსხვერპლი. ნუ იქნებით აშშ-ს ფულის ხელში. ნუ იქნებით აშშ-ს არასამთავრობო ორგანიზაციების (რომლებიც არ არიან არასამთავრობოები) ხელში. ეს არაა არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის სახელმწიფო ორგანიზაციები. მე ამას 40 წელია ვუყურებ. სწორედ ამიტომ, როცა საქართველომ თქვა: „თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ და გვითხრათ ვინ გაფინანსებთ“, ვინ გაცოფდა? დამფინანსებლები. „თქვენ გამოგვააშკარავებთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ცნობილი გახდეს ეს ფული ვაშინგტონიდან მოდის. ეს თამაშია“.
ნუღარ იქნებით თამაშში, გთხოვთ. მე მიყვარს სამხრეთ კავკასია. რა მშვენიერი რეგიონია. რა დიდი ისტორია, კულტურა, ღირსშესანიშნაობები. ფენომენალური ტურიზმი, საჭმელი - ყველაფერი. მაგრამ ნუ გახდებით უკრაინის მსგავსი. ასე მარტივადაა ყველაფერი. და თუ ღმერთი გწამთ, ნუ გახდებით აზერბაიჯანის მსგავსი. ნუ ჩაებმებით ახლო აღმოსავლეთის ომებში. ნუ გახდებით გენოციდის მონაწილე ღაზაში. ნუ ჩაებმებით მხოლოდ იმიტომ, რომ ისრაელმა მოგაწოდათ უსაფრთხოების სისტემები. ღმერთო ჩემო, ეს არ არის სამხრეთ კავკასიის მომავალი“, - აღნიშნა საქსმა.