საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავების საკითხს ეხმაურება. დეპუტატი „ლელოს“ ლიდერს თაღლითს უწოდებს და აღნიშნავს, რომ გაჩენილ კითხვებზე პასუხია გასაცემი.
„თაღლითი ყველგან თაღლითია. გადასახადების დამალვა ხდებოდა სახელმწიფოსთვის. TBC ბანკი მუდმივად არავის არაფერს პატიობდა პროცენტების და ძირი თანხის გადახდა-გადაუხდელობის, ჯარიმების გადახდა-გადაუხდელობის საკითხში. ამხელა ევროკავშირის წევრი გერმანიის ელჩი, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნოდ ქირაობს ფართს ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან, არც გადასახადებს იხდის და მერე დგას და დაჰყვება ქვეყნის მასშტაბით რაღაც აქციებზე - პასუხია ამ ყველაფერზე გასაცემი. სამწუხაროდ, პასუხის ნაცვლად გვაქვს თითიდან გამოწოვილი არგუმენტები, რომლებსაც არანაირი გამართლება არ აქვს“, - აცხადებს მათიკაშვილი.
ანტიკორუფციულმა ბიურომ გერმანიის ელჩთან ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო. პარალელურად, მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის საელჩოს შორის არსებულ საიჯარო ურთიერთობაზე მოკვლევას ატარებს შემოსავლების სამსახური.