360 ათასი დოლარი ლობისტური საქმიანობისთვის - შტატების იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის მიხედვით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კომპანია ნელსონ მალინსი დაიქირავა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ლობისტური კომპანია იქნება პარტიის დიპლომატიური წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატების სამთავრობო უწყებებთან, ასევე დაეხმარება მას უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში - ხელშეკრულება ექვსთვიანია, პარტია კი, აღსანიშნავია, რომ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
ასევე ფარა-ს დოკუმენტების თანახმად, ლობისტური კომპანიისგან, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს დაქირავებული, კონგრესმენ ჯო უილსონს 10 ათასი დოლარი აქვს მიღებული.
უცხოელი აგენტების რეესტრზე განთავსებული ინფორმაცია დილიდან პოლიტიკური განხილვის საგანია თბილისში.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ჯო უილსონი განცხადებებს ფულის გამო აკეთებდა და დარწმუნებულია, რომ უილსონმა ისიც კი არ იცის, საქართველოს სად მდებარეობს.
"როდესაც ვისმენდით არასწორ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებით, არასწორ დამოკიდებულებას იმ კონკრეტული კონგრესმენის მხრიდან, ვსაუბრობდით, რომ ფული აქვს ამ ადამიანს აღებული.
რუკა რომ მიუტანო, დარწმუნებული ვარ, ვერც გეტყვის, საქართველო სად არის, შეიძლება ჯორჯიის შტატი ჰგონია. ფული აქვს აღებული იმ ადამიანს, რასაც დაუწერენ, იმას აჟღერებს, ეს არის რეალობა", - განაცხადა კახა კალაძემ.