"ჩვენ გვაქვს ძალიან ჯანსაღი ეკონომიკური გარემო და ძალიან ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, ამის შედეგია ის, რომ 4 რევოლუციური მცდელობის მიუხედავად შევძელით და პირველ ადგილზე გავედით ფართო რეგიონში და ევროპაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ გზაზე იყო უამრავი ხელოვნური დაბრკოლება შექმნილი, მაგრამ ამის მიუხედავად, ქვეყანა პირველ ადგილზეა 4 წლის მაჩვენებლით, საშუალო მაჩვენებელი იყო 9.4%.
"პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდით. რა თქმა უნდა, ამ კუთხით გაგრძელდება მუშაობა და კიდევ უფრო მეტ წარმატებას ველოდებით, მათ შორის, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის შემცირების, მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებით, განსაკუთრებით ბოლო 2-3 თვეში. შესაბამისად, ველოდებით იმას, რომ ტემპი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. სამწუხაროა ის რეალობა, რომელიც არის შექმნილი, მუდმივი შანტაჟი, მუდმივი ზეწოლა, მაგრამ ამის მიუხედავად, იმდენად ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკა და გარემო აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ ვახერხებთ პირველი ადგილის შენარჩუნებას ფართო რეგიონში და მთლიანად კონტინენტის მასშტაბით. მოლდოვაზე შედარებას ვაკეთებთ ხოლმე, 4 წლის განმავლობაში მოლდოვის ეკონომიკასთან ჩვენი ეკონომიკის სხვაობა გავზარდეთ 11.1 მლრდ დოლარით. ეს არის წარმოუდგენელი შედეგი, სხვაობა გაიზარდა 11.1 მლრდ დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბიუჯეტებს შორის სხვაობაც გაიზარდა დაახლოებით 3 მლრდ დოლარით ამ 4 წლის განმავლობაში. ეს რისი შედეგია, რომ მოლდოვაში ყვავის კორუფცია, სუსტია ინსტიტუტები, აქვთ არაჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკა და გარემო, არ არის არც დემოკრატია, არც ადამიანის უფლებები, შესაბამისად, არ ვითარდება არც ეკონომიკა. ჩვენ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ვითარება და მიუხედავად იმისა, რომ არის მუდმივი ზეწოლა, შანტაჟი, რევოლუციის მცდელობები, მაინც ახერხებს ჩვენი ქვეყანა პირველი ადგილის შენარჩუნებას და უნდა გავაგრძელოთ ამაზე მუშაობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.