ირაკლი კობახიძე:

ირაკლი კობახიძე: "ეს არის ე.წ. დიპ სტეიტის ხელწერა - როდესაც გინდა ისეთი პოლიტიკური ძალა გამოიყვანო დისკრედიტირებულად, რომელიც არ მოგწონს, აწებებ "პრორუსის" იარლიყს "

"ყველას ახსოვს, რომ, რეალურად, 2011 წლიდან დაიწყო უკვე კამპანია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ზოგადად, ახალი მოძრაობის, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, თავის დროზე. მთავარი ლაიტმოტივი ამ კამპანიის იყო ის, რომ თითქოს, ახალი პოლიტიკური ძალა გაჩნდა რუსულ საწყისებზე," - ეს განცხადება "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, "პრორუსის" იარლიყს "დიპ სტეიტი" იყენებს ისეთი პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაციისთვის, რომელიც არ მოსწონს და ეს არამარტო საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში ხდება.

"ანუ, სათავეს ეს კამპანია იღებს 2011 წლიდან, ჯერ პარტიაც არ იყო დაფუძნებული. როდესაც 2011 წლის ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განაცხადი პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, იქიდან მოყოლებული წარმოებს ეს კამპანია პრორუსულობასთან დაკავშირებით.

ეს არის ძალიან მარტივი ხელწერა, ე.წ. დიპ სტეიტის ხელწერა. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ "დიპ სტეიტი" არ არის ჩვენს მიერ მოგონილი ტერმინი. ჩვენ სხვა ტერმინს ვიყენებდით, ამასაც შევახსენებ საზოგადოებას - ჩვენი ტერმინი, რასაც ვიყენებდით, იყო "გლობალური ომის პარტია" და რასაც ჩვენ ვუწოდებდით "გლობალურ ომის პარტიას", იმას მოიხსენიებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, როგორც "დიპ სტეიტს".

რეალურად, ხელწერა არის უცვლელი ქვეყნების მიხედვით, პრაქტიკულად, იდენტურია ეს ხელწერა - არის მარტივი იარლიყი "პრორუსი" და როდესაც შენ გინდა ისეთი პოლიტიკური ძალა გამოიყვანო დისკრედიტირებულად, რომელიც არ მოგწონს, აწებებ ძალიან მარტივად "პრორუსის" იარლიყს. ეს ხდება სხვადასხვა ქვეყანაში. რომ გავიხსენოთ ვიქტორ ორბანი, ჩვენი მეგობარი, ისიც მოიხსენიება, როგორც პრორუსი პოლიტიკოსი. თქვენ რომ ნახოთ, პრორუსულობის არავითარი ნიშანწყალი უნგრეთში არ არის," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.