რიკარდ იოზვიაკი: იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით რვა სახელმწიფო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების წინააღმდეგი გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს ზომა საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს და არაპროპორციული იქნება

რიკარდ იოზვიაკი: იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით რვა სახელმწიფო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების წინააღმდეგი გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს ზომა საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს და არაპროპორციული იქნება

რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით „ევროკავშირი საქართველოს მკაცრად ესაუბრება - მაგრამ რბილად იქცევა“. სტატიაში საუბარი ძირითადად საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობაზეა და იმ დედლაინზეა, რომელზეც ბრიუსელის წერილშია მითითებული - 31 აგვისტო.

იოზვიაკი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სანქციები - აქტივების გაყივნა და ორი მოსამართლისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა არ განიხილებოდა, რადგან უნგრეთმა და სლოვაკეთმა მოსამზადებელ შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ ასეთ ზომებს მხარს არ დაუჭერენ.

„დისკუსიის შესახებ ინფორმირებული ევროპელი დიპლომატების თქმით, ამ საკითხზე ხანმოკლედ ისაუბრეს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად კონსენსუსია საჭირო (რომელიც არ არსებობს), შეთანხმდნენ, რომ სანქციაზე მუშაობა უფრო დაბალ დონეებზე გაგრძელდება. ეს ცხადი ნიშანია, რომ ამ ტიპის შემზღუდავი ზომები მალე არ იქნება მიღებული“, - აღნიშნულია სტატიაში.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, იოზვიაკი წერს, რომ იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით რვა წევრი სახელმწიფო წინააღმდეგი გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს ზომა საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს და, შესაბამისად, არაპროპორციული იქნება.

„ახლა მთავარი კითხვა არის ის, რამდენად სერიოზულია ეს ვადა, წავა თუ არა დათმობაზე საქართველოს ხელისუფლება და საბოლოოდ იპოვის თუ არა ბრიუსელი მოქმედების ნებას, თუკი თბილისი კურსს არ შეცვლის“, - წერს იოზვიაკი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი აგვისტოში არ მუშაობს, ისევე, როგორც ევროკავშირი. საგარეო საქმეთა მინისტრები დანიაში არაფორმალურ შეხვედრაზე 29-30 აგვისტოს შეიკრიბებიან, შემდეგ კი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე - სექტემბერში. მაგრამ მათი პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელზეც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებენ, მხოლოდ 20 ოქტომბერს გაიმართება.

„როგორც ჩანს, ევროკავშირის წევრებისთვის უფრო მოსახერხებელია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ევროკომისიის ანგარიშს, ან ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს დაელოდოს, რომლებიც წლის ბოლოს გამოქვეყნდება“, - წერს იოზვიაკი.