თურქული მაფიის ომი საქართველოში?! - რატომ ჩაცხრილეს თურქი მამაკაცი ბათუმის რესტორანში

თურქული მაფიის ომი საქართველოში?! - რატომ ჩაცხრილეს თურქი მამაკაცი ბათუმის რესტორანში

ბათუმში, ბულვართან მდებარე "გრილ რესტორანში" მამაკაცი ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ზურგში ხუთი ტყვია ესროლეს და ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. არსებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ჩვენი ინფორმაციით, კონფლიქტი თურქი ეროვნების ორ მამაკაცს შორის მოხდა და ერთმა მეორეს ესროლა.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძის აზრით, არსებობს საფუძვლიანი ვერსია, რომ თავდასხმების უკან დგას თურქეთის ერთ-ერთი გავლენიანი კრიმინალური ფიგურა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა საპატიმროდან და შესაძლოა, შურისძიებას ცდილობდეს ბაშარზე.

თურქი ეროვნების მამაკაცებს შორის მოხდა კონფლიქტი. ზუსტად ამ რესტორანში მოხდა მსგავსი მკვლელობა ადრეც, მაშინ კილერის ადრესატი იყო დერქან ბაშარი, მაგარამ ის გადარჩა და უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ახლა ეს რესტორანი განაახლეს, ისევ თურქს ეკუთვნის, მაგრამ განაგებს დერქან ბაშარი. მართალია არ აწერია თურქული რესტორანი, მაგრამ რეალურად თურქი კრიმინალების თავშესაფარი შეიძლება ვუწოდოთ ამ ადგილს.

ძირითადად თურქეთიდან გამოქცეული კრიმინალების რესტორანია. მაშინ რომ ესროლეს დერქან ბაშარს, ის გადარჩა, გვერდზე გაიწია და მისთვის განკუთვნილი ტყვია მოხვდა სულ სხვა ადამიანს, რომელიც საერთოდ არაფერში იყო დამნაშავე. დღეს იგივე სურათი დამიდგა თვალწინ. მე ეს თვეების წინ ვიწინასწარმეტყველე, როცა ბათუმის ცენტრში დერქან ბაშარის მიერ აშენებული კიდევ ერთი დაწესებულების მუშაობის ფაქტს ვაპროტესტებდით. ჩვენი მოსახლეობა შეწუხებული იყო ხმაურით...

მას დიდი გეგმები ჰქონდა, თურქეთიდან უნდა ჩამოეყვანა ესტრადის ვარსკვლავები და გაემართათ კონცერტები. მე მაშინ შევიტყვე, რომ ეს შენობა უკანონოდ ჰქონდა აშენებული. ბევრი ვიბრძოლეთ და დაინგრა ეს შენობა. მე ვითხოვდი, რომ გაეძევებინათ ქვეყნიდან, რადგან არის კრიმინალი, მაგრამ ეს პირი არის ძალიან დიდი ფულის მფლობელი, აქვს ქოლ-ცენტრები და კაზინოები და ალბათ, ვიღაცისთვის კარგი ლუკმაა. თორემ კაცი, რომელიც იძებნება თავის ქვეყანაში წითელი ცირკულარით, რატომ უნდა იყოს საქართველოში?!

გამაგებინეთ, რატომ ვქმნით პრობლემას, ტურისტი არ ჩამოვა, როცა გაიგებს რომ ქალაქის ცენტრში კლავენ ადამიანებს და დაზიანდება ქვეყნის და ქალაქის რეპუტაცია. ჩვენი მოთხოვნაა, რომ თურქი კრიმინალები მოვიშოროთ. როგორც ვიცი, მან ახლა იქირავა სასტუმრო შუაგულ ბათუმში ზღვისპირას და ახლა ეს სასტუმრო გადაიქცევა კრიმინალების თავშესაფრად. ახლა აქ დაიწყება გარჩევები.

ჩემი ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ჯერ დაკავებული არ არის. ასეთი მექანიზმი მუშაობს - თურქეთიდან გამოქცეულ კლიმინალებზე შურის საძიებლად თურქეთში ქირაობენ კილერებს, ისინი აქ შემოდიან, ჩადიან დანაშაულს და გარბიან ისე, რომ ვერავინ აკავებს. დღემდე ვერც ერთი მკვლელი ვერ დააკავეს.

თურქეთის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები ხშირად მიმართავენ შემდეგ მექანიზმს: როდესაც საქართველოში მყოფი თურქი კრიმინალის ლიკვიდაცია იგეგმება, ოპერაციას თავად საქართველოში მყოფი თურქი მოქალაქეები არ ახორციელებენ. მათ ნაცვლად, ისინი ქირაობენ მკვლელებს თურქეთში, რომლებიც შემოდიან საქართველოში, ასრულებენ დავალებას და დაუყოვნებლივ ტოვებენ ქვეყნის ტერიტორიას. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ გახდა საქართველო და განსაკუთრებით ტურისტული ბათუმი - უცხოელი კრიმინალებისთვის თავშესაფარი და მოქმედების პლატფორმა. საქართველოს ხელისუფლებას მივმართავ მკაფიო და მკაცრი მოთხოვნით - დაუყოვნებლივ მიიღოს ეფექტური ზომები!" - განუცხადა "კვირის პალიტრას" თამაზ ბაკურიძემ.