როდესაც 17 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ხელმოწერით ქვეყნდება ასეთი დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, ეს ძალიან დასანანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამეგრელოში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპულ სტრუქტურებში მძლავრობს არაფორმალური მმართველობა და სრულიად წაშლილია ყველანაირი მორალური ზღვარი.
"დეზინფორმაციით არის გაჯერებული სამწუხაროდ, ეს წერილი. რაც შეეხება პოლიტიკოსების დაპატიმრებას - აბსოლუტურად აცდენილია ის შეფასებები სინამდვილეს, რასაც წერილში ვკითხულობთ. იგივე ეხება მოძალადეების პატიმრობასაც. აქაც აბსოლუტურად დეზინფორმაციით არის გაჯერებული წერილის შესაბამისი პასაჟი, რაც ძალიან სამწუხაროა. აქ საუბარია 17 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრზე, საუბარია ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელზე და როდესაც ასეთი ადამიანების ხელმოწერით ქვეყნდება ასეთი დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, ეს ძალიან დასანანია. მძლავრობს არაფორმალური მმართველობა ევროპულ სტრუქტურებში, ევროპულ ბიუროკრატიაში და ასეთ დროს სრულიად წაშლილია ყველანაირი მორალური ზღვარი. ნებისმიერი ტყუილი შეიძლება ჩაიწეროს თუნდაც ასეთი მარალი დონის წერილში, რაც არის ძალიან დასანანი და სამწუხარო", - განაცხადა პრემიერმა.