დავით მათიკაშვილი კეზერაშვილთან ოპოზიციის შეხვედრაზე: გაზომავენ, გამოზომავენ საზოგადოების ნდობას და კოლექტიური „ნაცმოძრაობის

დავით მათიკაშვილი კეზერაშვილთან ოპოზიციის შეხვედრაზე: გაზომავენ, გამოზომავენ საზოგადოების ნდობას და კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ყულაბად ქცეული კეზერაშვილი ადგება და ვიღაცებს დააფინანსებს

გაზომავენ, გამოზომავენ საზოგადოების ნდობას და კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ყულაბად ქცეული და იქამდეც მყოფი კეზერაშვილი ადგება და ვიღაცებს დააფინანსებს,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში" ლონდონში კეზერაშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ საუბრისას.

მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ არჩევნების მოახლოება ფინანსურ-მატერიალური თვალსაზრისით ყველასთვის ჯიბეში ორი კაპიკის ჩაჩხრიალების გზა და შესაძლებლობაა.

„სირცხვილი ამ ერთ დროს დემოკრატიის წიაღად მყოფ ქვეყანას, დიდ ბრიტანეთს, სადაც კრიმინალ კეზერაშვილს აქვს შესაძლებლობა, რომ თავისუფლად იაროს, იყოს და თავიდან თმა არ ჩამოუვარდეს. მერე ეს ქვეყანა დემოკრატიას გვასწავლის, რაღაცებს გვეუბნება, გვითითებს ისეთ საკითხებს, რომელიც მართლა გასულია ყოველგვარი დემოკრატიის საზღვრებიდან.

რაც შეეხება რადიკალებს, მოახლოვდა არჩევნები და ბუნებრივია, რომ არჩევნების მოახლოება ფინანსურ-მატერიალური თვალსაზრისით ყველასთვის, მატერიალურად, ჯიბეში ორი კაპიკის ჩაჩხრიალების გზა და შესაძლებლობაა. ჩვენ ისიც ვნახეთ „ნაცებს" და „ლელოს" შორის რომ ყოფილა ვაჭრობა აღებ-მიცემობის შესახებ, რომ აგერ ჩვენ ამდენს მოგცემთ და თქვენ ცოტა „ლაითად“ გაგვაკრიტიკეთო. ახლა რა ხდება ლონდონში, შეხვდებიან, რა თქმა უნდა, რადიკალებს, გაზომავენ, გამოზომავენ საზოგადოების ნდობას და კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ყულაბად ქცეული და იქამდეც მყოფი კეზერაშვილი ადგება და ვიღაცებს დააფინანსებს, არ დააფინანსებს, ვიღაცას რაღაცას მოსთხოვს, ვიღაცას ისე მისცემს ამ თანხებს, ვიღაცას ხელწერილს დააწერინებს და ა.შ. ფაქტია, რომ ამისთვის მიდიან, აბა რა უნდათ დავით კეზერაშვილთან მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების ფონზე?!“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.