აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ჯეფრი ეპშტეინს ჰქონდა „კლიენტთა სია“ ან რომ ის მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
გარდა ამისა, იუსტიციის დეპარტამენტი ასევე არ გეგმავს ახალი დოკუმენტების გასაჯაროებას ამ საქმესთან დაკავშირებით.
როგორც CNN-ი აღნიშნავს, ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპირებებს, რომელმაც ადრე ისაუბრა ეპშტეინის შესახებ მეტი ფაილის გამოქვეყნების თაობაზე, ასევე ეწინააღმდეგება მემარჯვენე ფრთის მიერ წლების განმავლობაში გავრცელებული შეთქმულების თეორიებს.
„ამ სისტემატურმა მიმოხილვამ ვერ გამოავლინა რაიმე სახის ინკრიმინირებული „კლიენტების სია“. ასევე არ აღმოჩნდა სანდო მტკიცებულება იმისა, რომ ეპშტეინი თავისი ქმედებების ფარგლებში აშანტაჟებდა გავლენიან პირებს. ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს გამოძიების დაწყებას ბრალის წაყენების გარეშე დარჩენილი მესამე მხარეების მიმართ“, - ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინის საქმემ, რომელიც სექს-ვაჭრობასა და არასრულწლოვნების მიმართ დანაშაულებებში იყო ბრალდებული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოიპოვა მისი კავშირების გამო ცნობილ პოლიტიკოსებთან.