„ატლანტიკურმა საბჭომ“ კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსი და მისი დეტალური ანგარიშგება გამოაქვეყნა. კვლევაში, საზოგადოებრივი კეთილდღეობა გააზრებულია არა მხოლოდ მოსახლეობის შემოსავლების დონის, არამედ სოციალური თანასწორობის, უმცირესობათა უფლებების დაცულობის, გარემოსდაცვის, განათლების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით.
შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი, 75.5% დააფიქსირა და კეთილდღეობის ინდექსის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში მოხვდა. ორგანიზაციის შეფასებით, ჩვენს საუკუნეში, ანუ 2001-2024 წლების პერიოდში მსოფლიოში საზოგადოებრივი კეთილდღეობა 7,5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა, ევროპაში კეთილდღეობის ინდექსის მატებამ 6,7 პუნქტი შეადგინა, ევროკავშირში კი 5,5. შედარებისთვის ამ პერიოდში საქართველოში საზოგადოებრივი კეთილდღეობის მაჩვენებელი 17 პუნქტით არის გაზრდილი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ის ფაქტი, რომ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესის მიხედვით. ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო 12 წელიწადში საქართველოში კეთილდღეობის ინდექსი 8,8 პუნქტით გაუმჯობესდა და მსოფლიო რეიტინგში ქვეყანა 23 ადგილით დაწინაურდა. დღეს საქართველო კეთილდღეობის დონით მსოფლიოში 47-ე ადგილზეა, რეიტინგით უსწრებს ყველა მეზობელს, ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ნატოს და ევროკავშირის წევრს 5 სახელმწიფოს: თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიად, მონტენეგროს და ევროკავშირის წევრ ბულგარეთსაც. საქართველოს მინიჭებული აქვს „ზომიერი კეთილდღეობის“ მქონე ქვეყნის სტატუსი და მსოფლიო რეიტინგში სამომავლოდ მხოლოდ 6 ადგილით დაწინაურება სჭირდება, რათა „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსი მიიღოს.
თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსებს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, გაეროს, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.
https://freedom-and-prosperity-indexes.atlanticcouncil.org/scorecards