2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმე განიხილება, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ ბრალად ედებოდათ, რომ თითქოს „ჩვენ შემოგვყავდა 2 ათასი ქართულად მოლაპარაკე რუსი სპეცრაზმელი“.
„ოფიციალურ საბუთში წერია ასეთი რაღაც, რომ მე ვაპირებდი საქართველოს ტერიტორიაზე ოსეთიდან შემომეყვანა 2 ათასი ქართულად მოლაპარაკე რუსი სპეცრაზმელი და თბილისი უნდა აგვეღო. აღვშფოთდი, რომ რა ქართულად მოლაპარაკე 2 ათასი რუსი სპეცრაზმელი, სიგიჟეს მეუბნებით მეთქი და ამაზე საერთოდ გადაირივნენ და კიდევ საშინლად მცემეს ადგილზე. ეს უკვე მთავარ სამმართველოში [ხდებოდა]. ჩვენი ცემა-წამება გაგრძელდა ციხემდე და მარტო მთავარი სამმართველოთი არ დასრულებულა ჩვენი ისტორია“- განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.