ბოლო ორი დღეა მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მისი ადმინისტრაციის ერთ-ერთი, ახლა უკვე ყოფილი ლიდერის, ილონ მასკს შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას, - ვკითხულობთ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.
შათირიშვილის განცხადებით, მისთვის გასაკვირი და მოულოდნელი დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის არსებული დაპირისპირება არ ყოფილა. როგორც ის აღნიშნავს, მეტად საინტერესოა, როგორ აშუქებს მეინსტრიმ მედია ამ კონფლიქტს, რომელთა მესიჯიც ერთმანეთის მსგავსია და ამერიკული სპეცსამსახურების ხელით ოლიგარქიული ოჯახებიდან მართული ყველა მედიასაშუალება ილონ მასკს ემხრობა.
„თავდაპირველად განხეთქილება ტრამპის საგადასახადო კანონპროექტს მოჰყვა, რომელსაც მასკმა "ხალხის მჩაგვრელი ღორობა" უწოდა, თუმცა, ყოფილი "თანამებრძოლების" პაექრობა მალევე გასცდა ამ კონკრეტულ საკითხს და კიდევ უფრო ფართო დიაპაზონი მოიცვა. არაერთი პირადი ურთიერთშეურაცხყოფის შემდეგ მასკმა დაწერა, რომ ტრამპის სახელი და გვარი ეგრეთწოდებულ „ეპშტეინის ფაილებშია", რითაც, ფაქტობრივად, პრეზიდენტი გარყვნილებასა და პედოფილიაში დაადანაშაულა.
სიმართლე გითხრათ - საერთოდ არ ყოფილა გასაკვირი და მოულოდნელი ტრამპისა და მასკის დაპირისპირება. ამ ფონზე პირადად ჩემთვის უფრო საინტერესოა, თუ როგორ აშუქებს მეინსტრიმ მედია აშშ-ის ადმინისტრაციაში კონკრეტული ძალების მიერ ინსპირირებულ კონფლიქტს. პირველად ჩემი ყურადღება საქართველოში მოქმედმა „ევრონიუს ჯორჯიამ" მიიქცია, სადაც ჟურნალისტი, წინასწარ კარგად მომზადებული მესიჯებით დაუფარავად იჭერს მასკის მხარეს - რამდენჯერმე და დაბეჯითებით იმეორებს მის არგუმენტებს და ქმნის განწყობას, რომ თითქოს ტრამპმა მართლაც ისეთი კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც ჩაგრულ ხალხს კიდევ უფრო უუარესებს მდგომარეობას.
შემდეგ თვალი გადავავლე უცხოურ მედიას, განსაკუთრებით იმ გამოცემებს და მაუწყებლებს, რომლებიც ამერიკული სპეცსამსახურების ხელით ოლიგარქიული ოჯახებიდან იმართება და აქაც ზუსტად იგივე სურათი დამხვდა. მესიჯი ყველგან ერთია, ერთ ოთახში დაწერილი და შემდეგ, სხვადასხვა კონტროლირებადი მედიებისთვის საელჩოებიდან დარიგებული - თუ როგორი ნაგავია ტრამპი და ამის საპირწონედ, როგორ ეფექტურად მუშაობდა ილონ მასკი. ქართული ევრონიუსიც ამ ფერხულშია, ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს საელჩოდან მიღებულ სპეცსამსახურების დავალებას.“ - წერს ზაზა შათირიშვილი.