საბოლოო ჯამში რომ სალომე ზურაბიშვილამდე დაიყვანეს ოპოზიცია, მაგიტომ იყო გამოსული 3000 კაცი გუშინ და მეტი არა და მაგიტომ დადის 150 კაცი ყოველდღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საერთოდ ყველაფერი გაუნადგურეს რადიკალურ ოპოზიციას და ეს ხდება იმიტომ, რომ მათ ყველაფერს გარე პატრონები უგეგმავენ.
„ოპოზიცია რომ თავისით იღებდეს გადაწყვეტილებებს საკუთარ ინტერესებთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტშიც იქნებოდნენ, ამ ტრიბუნას გამოიყენებდნენ, ასე თავს არ მოიჭრიდნენ ქუჩაში, რესურსი ბევრად მეტი ექნებოდათ, მაგრამ როდესაც ვიღაც ხან ოკეანის გაღმიდან, ხან ოკეანის გამოღმიდან რაღაცებს გიგეგმავს და ქვეყნის და საზოგადოების პულსზე ხელი არ უჭირავს, ასეთ დროს ასეთ მდგომარეობამდე მიდის ოპოზიცია. თვითონ რომ დაეგეგმათ საკუთარი ბედი, სხვანაირად წარიმართებოდა პროცესები, მაგრამ პატრონებმა, რომლებიც გარედან ავალებდნენ რაღაცებს, მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე ოპოზიცია, რასაც ჰქვია სრული განადგურება. ხვალ რომ ჩატარდეს არჩევნები და ჩატარდება ოთხ თვეში თვითმმართველობის არჩევნები, ისინი თუ მიიღებენ მონაწილეობას, ყველა დაინახავს, რომ მათი მხარდაჭერა, ოქტომბრის მხარდაჭერასთან შედარებითაც კი ბევრად უფრო შემცირებული იქნება, იმიტომ, რომ ეს არის დღევანდელი ტრაგიკული მდგომარეობა, სადამდეც მიიყვანა დიფ სთეითმა, ანუ გარე პატრონმა ეს ჩვენი ე.წ ოპოზიციონერები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.