ეკონომიკასთან პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ხარისხი - რამდენადაც ძლიერია ეკონომიკურად ქვეყანა, იმდენად მეტი რესურსი აქვს, რომ საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო მეტად გაიმყაროს საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა" განაცხადა.
პრემიერის თქმით, ენერგეტიკის მიმართულებით მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა გახდეს სრულიად თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით.
„ელექტროენერგიის შიდა გამომუშავება გადააჭარბებს მოხმარებას და გავხდებით ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა. ეკონომიკა არის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება. შესაბამისად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ამაზე. ასევე, განათლების სფეროში რეფორმების გატარება. ყველა მიმართულებით განვითარება არის პირდაპირ დაკავშირებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარებასთან, სუვერენიტეტის გაძლიერებასთან. ყველა სფეროზე უნდა ვიყოთ თანაბრად ორიენტირებულები. ჩვენ გვაქვს მიზანი საგარეო პოლიტიკაში, ეს არის ევროინტეგრაცია და აქაც, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება როცა მიიღება, ეკონომიკა იქნება მთავარი - ყველა შეხედავს იმას, თუ როგორია ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის ეკონომიკა. მაგალითად, საქართველო და მოლდოვა რომ ავიღოთ, ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით 10 მილიარდი დოლარით გავზარდეთ სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის. შესაბამისად, როცა საუბარია ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე, სწორედ ჩვენ გავიმყარეთ ამ კუთხით პოზიციები. ბოლოს რომ შეხედავენ ქვეყნებს, გადაწყვეტილებას მიიღებენ იმის მიხედვით, თუ როგორია ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი", - განაცხადა პრემიერმა.