„დიასპორის ყოველწლიური ფორუმის ჩატარება ჩვენთვის ძალიან ძვირფას ტრადიციად იქცა. ყოველთვის განსაკუთრებით გვიხარია, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსულ ჩვენს თანამოქალაქეების ვხვდებით.
სადაც არ უნდა იყვნენ ჩვენი დიასპორები, ევროპაში, ამერიკასა თუ აზიაში, მათი სამშობლოსთან ბმა არ წყდება. სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი გული საქართველოსთვის ძგერს, ჩვენს ქვეყანას, მიწა-წყალს, მშობლიურ ხალხს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს მეხსიერებაში", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ქართველთა დიასპორები ყოველთვის ხიდის როლს ასრულებდნენ საქართველოსა და მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებს შორის, მათ დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი კულტურის, ტრადიციების, რწმენის, ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, ასევე, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში.
„დღესდღეობით, მზარდი დეზინფორმაციისა და ცრუ აღქმების ფონზე, დიასპორის წარმომადგენლების აღნიშნული როლი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
ჩვენი დიასპორელების წარმატებული საქმიანობა სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს ბიზნესი, ხელოვნება, თუ განათლება, საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ამყარებს. ხშირად სწორედ ჩვენი დიასპორელები არიან ხალხის დესპანები და ჩვენი ისტორიის მთხრობელები. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს მოქალაქე ამაყი ვარ თქვენი მიღწევებით.
მაშინ როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ ძლიერი, დემოკრატიული, მშვიდობიანი, წარმატებული საქართველოს მშენებლობას, იზრდება თქვენი როლიც ამ საერთო საქმეში. კარგად გვესმის, რომ საზღვარგარეთ ჩვენი თანამოქალაქეების წარმატება ჩვენი სამშობლოს წარმატებას ნიშნავს. ამიტომ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს დიასპორასთან მტკიცე კავშირების შენარჩუნებას და ისეთი სამართლებრივი ბაზის შექმნას, რომელიც უკეთ დაიცავს თქვენს უფლებებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და ამ კუთხით, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის საქმიანობა აღნიშნა.
მისივე თქმით, მრავალი პროგრამა თუ პროექტი, რომლებიც მხარს უჭერს დიასპორის წარმომადგენლების ინიციატივებს, ხელს უწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო გაცვლებს, აძლიერებს კავშირებს ჩვენს საზღვარგარეთ მყოფ ახალგაზრდებთან.
„ჩვენი დიდი სურვილია, რომ ყველა ქართველს, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ჰქონდეს ჩვენი ქვეყნის პროგრესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა.
ქართველთა დიასპორების გაძლიერების მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა შეინარჩუნონ ეროვნული თვითმყოფადობა. ამ მიმართულებით მრავალი ღონისძიება ხორციელდება, მაგრამ დღეს ყურადღებას გავამახვილებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ კონკურსზე „ქართული კალიგრაფია". დღევანდელი ღონისძიება სწორედ საკვირაო სკოლის გამარჯვებულ მოსწავლეთა შესანიშნავი ნამუშევრების ფონზე მიმდინარეობს. ქართული დამწერლობა და ქართული კალიგრაფია ჩვენი ისტორიის, კულტურის, ღირებულებების ვიზუალური წარმოჩინებაა. მადლობას გიხდით კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის და მშობლიურ ენასთან ასეთი მტკიცე კავშირების შენარჩუნებისთვის. აგრეთვე, დიდი მადლობა საკვირაო სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც სამშობლოსგან შორ მანძილზე, დიდ შრომას დებენ, რათა ჩვენს ახალგაზრდა თანამოქალაქეებს ყველაფერი მშობლიური შეაყვარონ.
ჩვენს დიასპორელებთან ურთიერთობების განვითარების, მათი უფლებების დაცვის, ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის კუთხით, აღსანიშნავია ჩვენი საელჩოებისა და საკონსულოების წამყვანი როლი. დღეს გერმანიაში ქართული დიასპორის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული გიორგი ტაბატაძე დაჯილდოვდება. ბატონო გიორგი, გილოცავთ და მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია.
„მზად ვართ, გავაგრძელოთ დიალოგი და თანამშრომლობა ჩვენს დიასპორელებთან და ერთად ვიმუშაოთ საქართველოს ნათელი, მშვიდობიანი და წარმატებული მომავლისთვის. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ჩვენი ქვეყნის სასიკეთო საქმიანობისთვის. წარმატებას გისურვებთ!" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა და ქართული ეკლესიის წარმომადგენლებმა.