მაშინ, როდესაც აშშ-ში მსჯელობენ, რომ FARA უნდა გამკაცრდეს, თურმე ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ზუსტად იდენტური კანონი გვქონდეს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, ზოგადად სტანდარტების მსხვრევა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, რითაც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს პოზიციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, კარგი იქნებოდა თუ ბერსეს მსგავსად, სხვა პირებიც შეაფასებდნენ ობიექტურად ქართული ოცნების“ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ხმამაღლა ისაუბრებდნენ ევროპის ორმაგ სტანდარტებზე.
„რაც უფრო მეტი ადამიანი ობიექტურად შეაფასებს „ქართული ოცნების“ გუნდის და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მით უფრო უკეთესია, როგორც ჩვენთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ასევე, ამ ადამიანებისათვის და ზოგადად ჩვენს პარტნიორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობისათვის. მაშინ, როდესაც აშშ-ში მსჯელობენ, რომ „ფარა“ უნდა გამკაცრდეს მთელი რიგი მიმართულებით, თურმე ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ზუსტად იგივე შინაარსის და იდენტური კანონი გვქონდეს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, ზოგადად სტანდარტების მსხვრევა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
Euronews-მა გამოაქვეყნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს სტატია „დემოკრატია ევროპის თავდაცვის პირველი ხაზია“, რომელშიც სხვა თემებთან ერთად განხილულია უცხოური გავლენების შესახებ კანონები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არის მიღებული.
როგორც ბერსე განმარტავს, ის, რაც მიუღებლად ითვლება საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა შეფასდეს გერმანიაში ან რუმინეთში, რადგან ორმაგი სტანდარტები ევროპის სანდოობას აზიანებს.