პარლამენტის ყოფილმა წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2011 წლის 26 მაისის დარბევის ფაქტზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ის ცემისგან გაითიშა, ერთ შვილს 3 რეზინის ტყვია ესროლეს სახეში, უფროსი შვილი და მისი ძმა, გიორგი გაჩეჩილაძე დაიჭირეს, ხოლო ბიძინა გეგიძეს ცემით ორივე ყურის ბარაბანი გაუხეთქეს და ხელ-ფეხ შეკრული დააგდეს სასაფლაოზე.
„26 მაისზე ორ სიტყვას გეტყვით. პირველი შემთხვევა იყო, სადაც გასასვლელი არ დატოვეს და სადაც უნდოდათ დაღვრილიყო იმდენი სისხლი, რამდენიც იმაზე მეტი იყო, რაც საჭირო იყო. მე ორ შვილთან ერთად ვიყავი. პირადად მე ჩხუბის და ცემის მერე ვიყავი გათიშული, გაზებისგან და ცემისგან და ჩემმა ბიჭებმა მხატვრის სახლის ეზოში შემიყვანეს და იქ პირველ სართულზე მცხოვრებმა ერთ-ერთმა ოჯახმა შემიფარა თავის სარდაფში. ასე რომ მე ვერ მიპოვეს, ჩემ შუათანა შვილს სამი ტყვია მოხვდა სახეში, ისიც შეიფარა გვერდზე კორპუსში ოჯახმა და რამდენიმე ადამიანიც შეიფარა იმ ოჯახმა. უფროსი შვილი, რომელმაც მოახერხა გარღვევა მხატვრის სახლის, ის დაიჭირეს და წაიყვანეს პოლიციაში, მაგრამ რომ გაიგეს ჩემი შვილი იყო, სხვასთან შედარებით ადრე გამოუშვეს. დაიჭირეს ჩემი ძმა, დაიჭირეს ბიძინა გეგიძე, რომელსაც ცემით ორივე ყურის ბარაბანი გაუხეთქეს და ხელ-ფეხ შეკრული დააგდეს სასაფლაოზე და იქ, რომ არა ერთ-ერთი სასაფლაოს მომვლელი, ის იქიდან ვერც გამოვიდოდა. მეორეჯერ მკვდარს დაგაგდებთო უთხრეს“, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.