დავით ქართველიშვილი: 26 მაისი ჭეშმარიტი სუვერენიტეტის დღედ საქართველოში უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა და არავის არ უნდა მიეცეს უფლება, ამ დღეს შეურაცხყოფა მიაყენოს

დავით ქართველიშვილი: 26 მაისი ჭეშმარიტი სუვერენიტეტის დღედ საქართველოში უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა და არავის არ უნდა მიეცეს უფლება, ამ დღეს შეურაცხყოფა მიაყენოს

„ბოლო თვეების განმავლობაში რადიკალებს იმდენად ვერ გამოჰყავთ ადამიანები აქციაზე, რომ არათუ სახელმწიფო ინსტიტუტების, რუსთაველის გამზირის გადაკეტვაც კი უჭირთ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა, 26 მაისს რადიკალების მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას.

მისი თქმით, 26 მაისი ჭეშმარიტი სუვერენიტეტის დღედ საქართველოში უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა და არავის არ უნდა მიეცეს უფლება, ამ დღეს შეურაცხყოფა მიაყენოს. 

„არაერთხელ გვსმენია რადიკალებისგან (და აქ გამბედაობით ლევან ხაბეიშვილი გამოირჩეოდა), რომ „ვივამედის“ კლინიკას მაინც გავუკეთოთ პიკეტირება და ჩვენი გმირი, ბელადი სააკაშვილი გამოვიყვანოთ იქიდანო, თუმცა, მათ მხარეს იმ რესურსს, რომ რაიმე გეგმა სისრულეში მოიყვანონ, ვერ ვხედავთ. 

ზოგადად, როცა რადიკალების ქცევას ვუყურებ, ლიტერატურიდან ერთი მკაფიო ასოციაცია მიჩნდება: ვგულისხმობ მიხაელ ბულგაკოვის ცნობილ ნაწარმოებს - „ძაღლის გული“, კონკრეტულად კი, მის პერსონაჟ შარიკოვს, რომელიც ხელოვნურად, ქირურგიული ჩარევის შედეგად შექმნა პროფესორმა, მისცა მას საშუალება საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიეღო მონაწილეობა, სარგებლობდა პროფესორის სახლით, იკვებებოდა მასთან ერთად, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის ვერ იტანდა პროფესორს, ბოლოს კი მისი ფიზიკური განადგურებაც განიზრახა. საბოლოო ჯამში კი, საკუთარი თავი იმ რადიკალიზაციის პიკამდე მიიყვანა, რა პიკიც გედევან ფოფხაძისგან გუშინ მოვისმინეთ. შემდეგ კი, როცა პროფესორმა დაინახა, რომ მისი ექსპერიმენტი წარუმატებელი იყო, იმავე, ქირურგიული ჩარევის გზით შარიკოვი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნა. ამ პირვანდელ მდგომარეობამდე მიდის ჩვენი ე.წ. ოპოზიციაც. რადიკალიზმისკენ მათი მოწოდება კი აგონიაში მყოფი ორგანიზმის მახასიათებელია და არა - ჯანსაღი პოლიტიკური ძალისა. 

მინდა მოვუწოდო ჩვენს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს - 26 მაისს რადიკალების ქმედებები არ მიიყვანონ იმ სახიფათო ნიშნულამდე, რომელიც გაამწარებს საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვან დღეს. 26 მაისი ჭეშმარიტი სუვერენიტეტის დღედ ჩვენთან ალბათ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, როცა დავინახეთ, რომ მართლა უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, დავიცავთ 9 აპრილის გმირების დაწყებული საქმე და არავის არ უნდა მიეცეს უფლება, ამ დღეს შეურაცხყოფა მიაყენოს“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.