ირაკლი რუხაძე ბადრი პატარკაციშვილის და ერეკლე კოდუას ფარულ ჩანაწერზე: გიორგი თარგამაძემ თქვა, რომ „იმედს“ სატელიტიდან ჩაუგდეს ჩანაწერი, კოდი ღიად გადმომცეს და ეტყობა ეს კოდი მოისმინესო, თუმცა რამდენიმე დღე არ უშვებდა ეთერში

ირაკლი რუხაძე ბადრი პატარკაციშვილის და ერეკლე კოდუას ფარულ ჩანაწერზე: გიორგი თარგამაძემ თქვა, რომ „იმედს“ სატელიტიდან ჩაუგდეს ჩანაწერი, კოდი ღიად გადმომცეს და ეტყობა ეს კოდი მოისმინესო, თუმცა რამდენიმე დღე არ უშვებდა ეთერში

გიორგი თარგამაძემ ახსნა როგორ მოხვდა „რუსთავი 2“-ის ხელში ეს ჩანაწერი და თქვა, რომ „იმედს“ სატელიტიდან ეს ჩანაწერი ჩაუგდეს და ეტყობა როდესაც კოდი გადმომცეს, ღიად გადმომცეს და ეტყობა ეს კოდი მოისმინეს და ასე წაიღეს ჩანაწერიო, - განაცხადა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ.

წულუკიანმა მას ჰკითხა გიორგი თარგამაძეზე, რომელსაც ბადრი პატარკაციშვილი ძალიან ენდობოდა და რომელმაც მისი აზრით, გაყიდა ბადრი პატარკაციშვილი, ამის სანაცვლოდ მას მისცეს ფული და ჩამოაყალიბებინეს ფსევდო ოპოზიციური პარტია „ქრისტიან-დემოკრატები“.

წულუკიანმა ასევე ჰკითხა, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებასთან კავშირში არის თუ არა ის ამბავი, რომ ბადრი პატარკაციშვილმა გიორგი თარგამაძეს გაუგზავნა მისივე გაკეთებული აუდიოჩანაწერი ერეკლე კოდუასთან, რომელიც მოგვიანებით ტელეკომპანია „იმედის“ ნაცვლად, სააკაშვილის მიერ კონტროლირებად „რუსთავი 2“-ის ეთერში სულ სხვა ფორმით გავიდა, მანამდე კი ბადრის დავალებით ირაკლი რუხაძე შეხვდა თარგამაძეს და ჰკითხა, რას უპირებდა ჩანაწერს, ამ უკანასკნელმა კი აღნიშნული საკითხის განხილვა საღამოს სთხოვა, რომელიც არასდროს დადგა.

„ბევრი რაღაც ვიცი ამ თემაზე ბადრისგან, შემდეგ სხვა ხალხისგან. გიორგი თარგამაძემ ახსნა როგორ მოხვდა „რუსთავი 2“-ის ხელში ეს ჩანაწერი და თქვა, რომ „იმედს“ სატელიტიდან ეს ჩანაწერი ჩაუგდეს და ეტყობა როდესაც კოდი გადმომცეს, ღიად გადმომცეს და ეტყობა ეს კოდი მოისმინეს და ასე წაიღეს ჩანაწერიო. თუმცა იმის ახსნა, რამდენიმე დღე რატომ არ უშვებდა ეთერში ის იყო, რომ მე მეუბნებოდა, შენც დამეთანხმე, რომ არ უნდა გამეშვაო, მაგრამ ჩანაწერი მე არასდროს მინახავს. მოგვიყვნენ, რომ კოდუამ ჩაწერაო. ბადრის დაცვასთან მაქვს ბევრჯერ ნალაპარაკევი, თვითონ ბადრისთან, კოდუა როგორ გაჩხრიკეს [ბადრისთან] შესვლამდე, შანსი არ იყო რომ რაიმე ჩამწერი შეეტანა ბადრისთან და ეს იყო ბადრის გაკეთებული ჩანაწერი, რომელიც მხოლოდ ბადრის ხელში არსებობდა. ეს მითხრა ბადრიმ და მისმა დაცვამ.

წარმოუდგენელი სტრესი იყო ჩემთვის ამ ჩანაწერის მოსმენა, რადგან დაკითხვებზე დავდიოდი ყოველდღე, ჩემს მეათეკლასელ შვილს სკოლაში დაბურულ შუშებიანი ორი ავტომანქანა დაყვებოდა, დავურეკე ბადრის და ვეჩხუბე, რადგან ჩვენ აქ [საქართველოში] თავს ვიკლავთ, ასეთ დღეში ვართ და ასეთი სიგიჟე როგორ გააკეთე მეთქი. რას ლაპარაკობ, ეს ის არაა, რაც [თარგამაძეს] გავუგზავნეო. ყველაფერი მიჭრილ-მოჭრილია და ჩემი სიტყვები არ არისო. ამის შემდეგ ბადრის და გიორგი თარგამაძეს არანაირი შეხვედრა არ ჰქონიათ. ბადრისგან ვიცი, რომ არ თვლიდა ახლობელ ადამიანად, ამ ამბების მერე.

ამ ჩანაწერის გამოსვლისთანავე გადადგა „იმედის“ გუნდი. გიორგი თარგამაძემ გააკეთა განცხადება, რომ ამ საშინელების მოსმენის შემდეგ არ ჰქონდათ მორალური უფლება, ემუშავათ „იმედში“ და დაიხურა „იმედი“. ამის შემდეგ „იმედში“ 2012 წლამდე აღარ შევსულვართ“, - აღნიშნა რუხაძემ.