ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ შავი ფულით, გაუმჭვირვალე ფულით, საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები, ამას ვერ მოაწყობენ, მაგრამ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალობა არ არის დისკრედიტაცია.
„რაც შეეხება თავად კანონის შეფასებას, თავის დროზე აბსოლუტურად ყალბი განცხადებები კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, თითქოს დასავლეთიდან არაფერი ცუდი არ შეიძლება, რომ წამოვიდეს დაფინანსების სახით. ამ დროს, თავად დასავლეთმა აღიარა, რომ USAID, NED, EED და სხვა ფონდები, გამოიყენებოდა რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად. ტრამპის ადმინისტრაციამ თქვა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციებისთვის გამოიყენებოდა, ამის შემდეგ გახსოვთ, ილიონ მასკმა გაავრცელა ვიდეო, სადაც საქართველოს მაგალითიც იყო მოყვანილი ამ კონტექსტში, რომ USAID და NED ხელს უწყობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების მოწყობას. ისედაც ხომ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში გვქონდა რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა გასული 4 წლის განმავლობაში, ამაში პირდაპირ იყო ჩართული USAID, NED, ამერიკის ყოფილი ელჩი შესაბამისად, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ შავი ფულით, გაუმჭვირვალე ფულით, საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები, ამას ვერ მოაწყობენ, მაგრამ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.