აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა ეროვნული სადაზვერვო საბჭოს „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი ხელმძღვანელები გაათავისუფლა, რათა სადაზვერვო მონაცემების პოლიტიზაცია აღმოეფხვრა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.
როგორც Fox News-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ტულსი გაბარდის მიერ გათავისუფლებული პირები „რადიკალურად ეწინააღმდეგებიან ტრამპს“.
არსებული ინფორმაციით, გაბარდმა გაათავისუფლა მაიკ კოლინზი, რომელიც ეროვნული სადაზვერვო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყო, და მისი მოადგილე, მარია ლანგან-რიხოფი.
„ჩვენი დაზვერვის პოლიტიზაცია და გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაჟონვა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ამას ბოლო უნდა მოეღოს“, - განაცხადა გაბარდმა Fox News Digital-თან ინტერვიუში აპრილში.
დაზვერვის მაღალჩინოსანმა Fox News Digital-ს განუცხადა, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი დაზვერვის 12 სხვა ოფიციალური პირის მიმართ გამოძიებას ატარებს საიდუმლო ინფორმაციის სავარაუდო გაჟონვის გამო.