საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს პრეზიდენტ ტრამპისადმი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია „ დღის ქრონიკასთან“ აფასებს.
როგორც ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, საქართველოს მზაობა რჩება მზაობად, რომ ფურცელზე დაწერილი პარტნიორობა გადავიდეს რეალურ პარტნიორობაში და ღირსეულ პარტნიორობაში.
„ამ წერილში ძალიან ღიად და მკაფიოდ არის გადმოცემული საზოგადოების ის ობიექტური განცდა, რომელიც ეუფლება აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან დაკავშირებით. ყველა ვაკვირდებოდით ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას, ყველამ კარგად იცის, რომ ის ძირითად პოლიტიკური მსოფლმხედველობა ჩვენს გუნდსა და მის ახალ ადმინისტრაციას აქვს იდენტური, ყოველ შემთხვევაში მისი განცხადებები, დაპირებები და გარკვეული ქმედებები ამის სრულ საფუძველს გვაძლევს.
ე.წ. დიფ სთეითთან პირდაპირ, ღიად გამოცხადებული ბრძოლა იყო ერთ-ერთი მთავარი დაპირება, ვიდრე ტრამპი დაიკავებდა ოვალურ კაბინეტს თავის ადმინისტრაციასთან ერთად. ამ ყველაფრის შემდეგ ვხედავთ, პირველი იყო USAID-ისა და NED-ის სკანდალური სქემის გამომზეურება და დაფინანსებების შეჩერება, შემდეგი ნაბიჯი ვნახეთ - მსოფლიოში მშვიდობის დამყარება და დღესაც ვადევნებთ თვალს ახალი ადმინისტრაციის ძალისხმევას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. ამ ყველაფერთან ერთად, როდესაც ასეთი თანხვედრაა, არ უნდა დაავიწყდეს არცერთ ადმინისტრაციას და განსაკუთრებით იმ ქვეყანას, რომლის სტრატეგიული პარტნიორობა ფურცელზეა გაფორმებული, რომ ეს ფურცელზე გაფორმებული პარტნიორობა გადავიდეს რეალურ პარტნიორობაში. ამ წერილის არსი და შინაარსი არის ის, რომ ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ და დღესაც წარმატებას ვუსურვებთ თავის მთავარ დაპირებაში, იმ კულისების ოლიგარქიასთან ბრძოლასთან, რასაც „დიფ სთეითი“ ეწოდება“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.