კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვანსის მისამართით მიწერილ ღია წერილში წერს.
პრემიერი აღნიშნავს იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის კონგრესმა ე.წ. „მეგობარი აქტი“ მიიღო, რომელიც მტრულად არის გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, ხოლო, სიტყვა „მეგობრის“ მნიშნელობიდან გამომდინარე, კანონი ჯორჯ ორუელის მოდელს გვახსენებს.
„გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი - ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც არის მტრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. სიტყვა „მეგობარის“ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს ჯორჯ ორუელის მოდელს, რომლის მიხედვითაც ომი არის მშვიდობა, მტერი კი - მეგობარი. სხვადასხვა პარლამენტისგან აბსურდული აქტების მიღებას ჩვენ ბოლო პერიოდში მიჩვეული ვართ და ამდენად, „მეგობარი აქტზე“ საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს. ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას „მეგობარი აქტზე“ არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ყველაფრის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეჰყურებდა.“ - წერს საქართველოს მთავრობის მეთაური.